სანდრო მამუკელაშვილმა ,,ვისკონსინ ჰერდის" შემადგენლობაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
ქართველმა ფორვარდმა ,,მოტორ სითი კრუიზის" წინააღმდეგ მატჩში პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 18 ქულით, 11 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. გარდა ამისა, მამუკელაშვილმა სტატისტიკას 1 ჩაჭრა და ერთი დაფარებაც მიამატა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +17 იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ვისკონსინელთა შემადგენლობაში ლინდელ უიგინტონმა 24, ელაიჯა ჰიუზმა კი 22 ქულა ჩააგდეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაინც ქართველი კალათბურთელი დასახელდა.
შეხვედრა ,,ვისკონსინ ჰერდმა" 137:112 მოიგო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 3 მოგებითა და 3 წაგებით ცენტრალურ დივიზიონში მესამე ადგილს იკავებს. ,,ვისკონსინ ჰერდს" მომდევნო მატჩი ამავე გუნდის წინააღმდეგ, ამჯერად უკვე სტუმრად, 18 ნოემბერს უწევს.