არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ არგენტინულ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთავარი სასაუბრო თემა სწორედ მუნდიალი იყო.
მესის განცხადებით, მათ არ უნდა იფიქრონ, რომ ფავორიტები არიან და მიზნები მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე უნდა დაისახონ.
„მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგ ფორმაში მივდივართ, მაგრამ ფავორიტობაზე ვერ ვიფიქრებთ, რადგან თამაშიდან თამაშზე უნდა ვიფიქროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ. სკალონი გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია, დიდებული კომუნიკატორია და იცის, როგორ მართოს გუნდი. დღეს, რასაც წარმოვადგენთ, მისი დამსახურებაა.
დღეს ყველა მეტოქესთან თამაში რთულია. ევროპულ ნაკრებებთან დიდი ხანია არ გვითამაშია, ისევე, როგორც მათ სამხრეთამერიკელებთან არ უთამაშიათ. ვფიქრობ, მიუხედავად ბევრი ტრავმისა, საფრანგეთის ნაკრებს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს. ბრაზილიაც ძალიან ძლიერია, შემდეგ მოდის ესპანეთი, ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ კარგად თამაშობენ. ესპანელები გაიძულებენ სირბილს და არავის უყვარს ბურთის უკან სირბილი.
ყოველთვის ვგრძნობდი არგენტინელი ხალხის სიყვარულს, მაგრამ ასევე იყვნენ გულშემატკივრები, რომლებიც მაკრიტიკებდნენ. 2006 წელს გერმანიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე თითქმის არ მითამაშია, მაგრამ ჩემი კრიტიკა მაშინ დაიწყეს. 2007 წელს კოპა ამერიკის ფინალში წავაგეთ, 2010 წლის მუნდიალზე კი მარადონასთან ერთად განსაკუთრებული პერიოდი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კარგი თავგადასავალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად არ დასრულდა. შემდეგ კოპა ამერიკის ფინალი კიდევ ორჯერ წავაგეთ და 2014 წლის მუნდიალის ფინალში მარცხის შემდეგ კრიტიკოსებმა არ დაგვინდეს. ვფიქრობ, ფინალი შარშანაც რომ წაგვეგო, კრიტიკა და პოლემიკა დაუსრულებელი იქნებოდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და გამარჯვების შემდეგ ანალიზი შეიცვალა.
გვარდიოლა? ყველაფერი, რაც მან გააკეთა შთამბეჭდავია. პეპი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, მაგრამ ფეხბურთიც გაანადგურა, რადგან ყველა ცდილობს, რომ მას მიბაძოს“, - თქვა მესიმ.