ფეხბურთი

16:54 | 15.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "კვარაცხელია ფენომენია, "ნაპოლის" სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და რა თქმა უნდა, თანამემამულეზე მათ თავისი დადებითი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია, რომელმაც კარგად მოთამაშე გუნდში გაიბრწყინა. პარასკევს ველაპარაკე, მითხრა, რომ „ნაპოლიში“ კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს. ზურგის ტკივილი ისევ აწუხებს, მაგრამ რაც შეიძლება მალე დაბრუნებას იმედოვნებს. ის ქართველი ხალხისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრებს მასთან ერთად პერსპექტივები გააჩნია. მის გარეშე პრობლემები გვაქვს, მაგრამ მასთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეიძლება რეალისტური მიზანი იყოს“, - თქვა არველაძემ Corriere del Mezzogiorno-სთან საუბარში.

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელი კომენტარი Calcionapoli24-ის ეთერშიც გააკეთა, სადაც თქვა, რომ „ნაპოლის“, როგორც სკუდეტოს, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

„კვარა ფენომენია, წარმოუდგენელი მოთამაშე და მისით ამაყი ვარ. ყველაზე პერსპექტიული ქართველია. მას უყვარს თავისი საქმე და საოცრად სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება, კარგი ბიჭია.

რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება შეუძლია და საამისოდ შესანიშნავი შანსი აქვს. ჩემპიონთა ლიგის მოგებაც, რატომაც არა? მათ კარგად ითამაშეს „ლივერპულისა“ და სხვა დიდი გუნდების წინააღმდეგ. ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არაა, იქ სხვა ძლიერი გუნდებიც არიან, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, როგორც ყოველთვის „რეალიც“, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელია“, - აღნიშნა შოთამ.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია 10 მილიონ ევროდ დაიმატა და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. სეზონის პირველ ნაწილში ქართველმა ფეხბურთელმა ნამდვილი ფურორი მოახდინა და იტალიური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.113574