ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ძაკარდო კვარას „ნაპოლიში“ ტრანსფერში შუამავალი იყო და მასაც მიუძღვის წვლილი ქართველის იტალიაში გადაბარგებაში.
ძაკარდომ 21 წლის ფეხბურთელზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან ჭკვიანი და თავმდაბალი ბიჭია, რომელიც ლუჩანო სპალეტის რჩევებს უსმენს.
„კვარაცხელიამ ძალიან კარგად დაიწყო, ეს კლუბში შექმნილი ატმოსფეროს დამსახურებაცაა, რადგან გუნდი ძალიან კარგად თამაშობს, მწვრთნელიც ძალიან კარგია. ყველა მოთამაშე თავის მაქსიმუმს აჩვენებს და მათ შორის, კვარაცხელიაც. იმედი მაქვს, რომ ასე გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მომატების დიდი სურვილი აქვს. მას მოედანს მიღმაც ვიცნობ, თავმდაბალი ბიჭია და კიდევ შეუძლია მომატება. ხვიჩას არ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და უბრალო ბიჭია, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანი. უნდა მოუსმინოს სპალეტის რჩევებს და ვუსურვებ, რომ ასე გააგრძელოს და კიდევ უფრო უკეთ ითამაშოს. ახალი კონტრაქტი? ეს პირადი საკითხია, კლუბთან კონფიდენციალური. ცოტა ხნის წინ ნეაპოლში ვიყავი და ვნახე. ტრავმა? „ნაპოლის“ მომდევნო მატჩი 4 იანვარს აქვს და მანამდე 100%-ით მზად იქნება“, - თქვა ძაკარდომ.
ხვიჩას შესახებ კომენტარი გააკეთა „ნაპოლისა“ და შვეიცარიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გოქან ინლერმა, რომელმაც თქვა, რომ კვარას „ნაპოლიც“ უნდა დაეხმაროს განვითარებაში.
„მისი თამაში ჯერ კიდევ ზაფხულში შეკრებაზე ვნახე. მასზე ბევრი ვისაუბრეთ, მან კი უნდა იმუშაოს. მთავარია, რომ კლუბმაც შეუქმნას საჭირო პირობები და დაეხმაროს, რომ მშვიდად იყოს, რადგან ის „ნაპოლისთვის“ ფუნდამენტური მოთამაშეა“, - თქვა ინლერმა.
აქვე გეტყვით, რომ ძაკარდომ და ინლერმა საქველმოქმედო მატჩში ითამაშეს, რომელშიც მონაწილეობა შოთა არველაძემაც მიიღო. კვარაცხელიაზეც იტალიელმა და შვეიცარიელმა კომენტარი სწორედ ამ მატჩის შემდეგ გააკეთეს.