ავტოსპორტი

0:27 | 15.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პერესი ფერსტაპენით უკმაყოფილოა

ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლის შემდეგ, სერხიო პერესმა განაცხადა, რომ მაქს ფერსტაპენმა „თავისი რეალური სახე გამოაჩინა“, როდესაც რბოლისას პოზიცია არ დაუთმო. ჰოლანდიელმა და მექსიკელმა რბოლა შესაბამისად, მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე დაასრულეს. ფერსტაპენს ადგილი რომ დაეთმო, პერესი მრბოლთა კლასიფიკაციაში ახლა მეორე ადგილზე იქნებოდა.

რბოლისას პერესს გუნდმა სთხოვა, რომ ფერსტაპენი გაეტარებინა და თუ ის ფერნანდო ალონსოს ვერ გაასწრერედა, მაშინ პოზიციას უკან დაუბრუნებდა. პერესმა გაატარა. ალონსომ მეხუთე პოზიცია შეინარჩუნა და ამიტომ, „რედ ბულმა“ ახლა უკვე ფერსტაპენს სთხოვა თანაგუნდელისთვის პოზიციის დაბრუნება, მაგრამ ამან უარი თქვა და ფინიში მეექვსეზე გადაკვეთა.

პერესისთვის ყოველ ქულას მნიშვნელობა აქვს, რადგან შარლ ლეკლერთან მეორე ადგილისთვის იბრძვის. ორივეს 290 ქულა აქვს, მაგრამ მონაკოელი წინაა, რადგან 3 მოგება აქვს პერესის 2-ის საპირისპიროდ. ფერსტაპენს და „რედ ბულს“ კი უკვე განაღდებული აქვთ ტიტულები. ახლა ავსტრიული გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ პერესმა ვიცე ჩემპიონის წოდება მოიპოვოს. საინტერესოა, რომ ლეკლერსაც მსგავსი სიტუაცია შეექმნა - მეოთხე ადგილზე გავიდა და მასზე წინ რბოლა თანაგუნდელმა კარლოს საინსმა დაასრულა.

„მაქს, რა მოხდა?“ - რადიოთი კითხეს ფერსტაპენს, რაზეც მან უპასუხა: „ადრე გითხარით ბიჭებო, რომ მსგავსი რამ აღარ გეთხოვათ, კარგი? ყველაფერი გასაგებია? მე ჩემი მიზეზები გითხარით და იმავე აზრზე ვრჩები“.

პერესს გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა მოუბოდიშა: „ვწუხვარ ჩეკო“, რაზეც მექსიკელმა მიუგო: „მან დაგვანახა, თუ რეალურად რას წარმოადგენს“. მოგვიანებით, სკაი სპორტსთან საუბრისას, პერესმა განაცხადა: „რბოლისას მითხრეს, რომ წინ გამეშვა და მერე პოზიციას დამიბრუნებდა. ალბათ სჯობს, ამაზე მას ჰკითხოთ. მისთვის ბევრი გამიკეთებია და საწყენია, რომ ასე მოხდა. ძალიან გაკვირვებული ვარ“.

ჰორნერი არ მალავს, რომ გუნდს პერესის მეორე ადგილი სურს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მექსიკელმა ჩემპიონატი მეორეზე დაასრულოს. ფერსტაპენმაც თქვა, რომ თუ საჭირო იქნება, ის თანაგუნდელს დაეხმარება.

0.124395