კალათბურთი

23:52 | 14.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ჩემი გუნდის მჯერა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა უნდა მოვახერხოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა იტალიის ნაკრებთან დრამატული მარცხის (84:85) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი ბოლომდე დაიხარჯა და გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა.

„პირველ რიგში მინდა ჩემს გუნდს მივულოცო, რადგან მარცხის მიუხედავად მათ ბოლომდე იბრძოლეს და მთელი გულით ითამაშეს. დარბაზიდან წარმოუდგენელი გულშემატკივრობა იყო და დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. ძალიან გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ წავაგეთ, რომელსაც ევროლიგის მოთამაშეები ჰყავს. შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ.

მჯერა ჩემი გუნდის და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. მჯერა, რომ მიზანს მივაღწევთ. ვიმედოვნებ, მომდევნო მატჩს იტალიაც სერიოზულად მიუდგება, რადგან სხვა შემთხვევაში სამართლიანი არ იქნება. ძალიან რთული გრაფიკი გვქონდა. 11 საათი ვმგზავრობდით, მხოლოდ ერთი დღე გვქონდა ძლიერ მეტოქესთან სათამაშოდ მოსამზადებლად. სხვადასხვა მიზეზებით რამდენიმე მოთამაშეც გვაკლდა“, - თქვა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრებს 4 მოგება და 4 წაგება აქვს, ჯგუფში მესამე ადგილზეა და თებერვალში დარჩენილ ორივე მატჩს თუ მოიგებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავა. თუმცა, ორი კონკურენტიც ჰყავს - ისლანდია, რომელსაც ასევე 4 მოგება და 4 წაგება აქვს და უკრაინა, რომლის აქტივში 3 გამარჯვება და 5 მარცხია. ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო ტურში ჯერ ნიდერლანდებს ესტუმრება, რომელიც ჯგუფის აუტსაიდერია და მერე კონკურენტ ისლანდიას უმასპინძლებს. თავის მხრივ, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს.

0.133037