ფეხბურთი

15:45 | 14.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი კვარაცხელიაზე, ჩაკვეტაძეზე, მაროკოსთან მატჩზე და მომავალ მიზნებზე...

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მაროკოსთან ამხანაგური მატჩისა და სანაკრებო შეკრების წინ პრესკონფერენცია გამართა და აქტუალურ თემებზე ვრცლად ისაუბრა.

„ყველას გვიხარია, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ, შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბოლო ორი მატჩის თამაშის ხარისხით არა, განსაკუთრებით გიბრალტართან, რომელიც ვფიქრობ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო ბოლო პერიოდში. თუმცა, ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის მოედნის ცუდი ხარისხი. საბოლოო ჯამში წარმატებას მივაღწიეთ და პროგრესი სახეზეა, ვეცდებით, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც ასე გავაგრძელოთ.

კვარაცხელიას შესახებ მითხრეს, რომ ზურგი ისევ სტკივა, ახლა მეტი ინფორმაცია არც მე მაქვს. ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის დროს კარგად დაისვენებს და მომდევნო შეხვედრებში სრულ მზადყოფნაში დაგვიბრუნდება.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ცხადია, ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ სხვა გუნდებთან თანაბრად თამაში და მოედანზე ბრძოლა შეგვიძლია. მიუხედავად პროგრესისა, არ უნდა ვიფიქროთ და დავიჯეროთ, რომ 2-3 ნაბიჯი წინ გადავდგით. უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წევრებს თუ დავთმობ? ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია, გადაწყვეტილებას კონკრეტული სიტუაციის მიხედვით მივიღებთ. მესმის, რომ ევროპის ჩემპიონატი მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლიც მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ მაშინ ფეხბურთელებს ტრავმები არ ჰქონდეთ, გადაწყვეტილებას კი საჭიროების მიხედვით მივიღებ.

ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების გარდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გამომეძახებინა, მაგალითად, გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი. გარდა ამისა, ლევან შენგელია და გიორგი ბერიძე დაბრუნდნენ, რომლებიც ბოლო პერიოდში გუნდში არ იყვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მაროკოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე და ძლიერი გუნდია, ახალგაზრდა და იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც ბოლო დროს ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდათ, თავის გამოჩენისთვის ეს ამხანაგური მატჩი კარგი შანსი იქნება.

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა? სერიოზული არაფერია, მაგრამ 2-3 დღე დასვენება სჭირდება. ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა მაროკოს წინააღმდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად იყოს, რომ თავი გუნდის ნაწილად იგრძნოს.

წაუგებელი სერია? რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და გვინდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი მაროკოს ნაკრებთან არა წაუგებელი სერიის გაგრძელება, არამედ ახალი ფეხბურთელების გუნდთან ინტეგრაციაა, რომელთაც ბოლო დროს დიდ დროს ვერ ვაძლევდით. მაგალითად, ლუკა ლოჩოშვილს საკლუბო კარიერაში დიდი პროგრესი აქვს და ის აუცილებლად მიიღებს სათამაშო დროს, ისევე, როგორც 5-6 ახალი ფეხბურთელი. ჩვენთვის მთავარი მიზანი და საფიქრალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მომზადებაა და მაროკოსთან ამხანაგური მატჩიც ამას ემსახურება.

რატომ არ არის სიაში ვაკო ყაზაიშვილი? ცნობილი მიზეზების გამო ყველამ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მისი ნაკრებში გამოძახება მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

აზაროვი და გიორბელიძე? გიორბელიძის არგამოძახების გადაწყვეტილება პირადად მივიღე, რადგან ბევრი სათამაშო დრო კლუბში არ ჰქონდა, მარცხენა ფლანგზე კი, კონკურენცია გვაქვს. ძალიან მომწონს მისი მებრძოლი ხასიათი, მაგრამ ახლა ასეთი გადაწყვეტილება. ირაკლი აზაროვმა ბოლო ორი მატჩი კლუბში ითამაშა და ძალიან მიხარია, რადგან ვიმედოვნებ, რომ ის კლუბის ძირითად შემადგენლობაში თავს დაიმკვიდრებს. თუმცა, მანამდე დიდი ხანი არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და მისი არყოფნის მიზეზიც ეს არის.

გუნდში მხოლოდ ორი მეკარეა? ერთი ამხანაგური მატჩისთვის არ მივიჩნიე მიზანშეწონილად გუნდში სამი მეკარის ყოლა. მესამე მეკარის ფუნქციაა გუნდში ვარჯიში, რომ ყოველთვის მზად იყოს. ბოლო დროს ბევრი მესამე მეკარე გვყავდა, კუპატაძე, გუგეშაშვილი, შოვნაძე, წინა შეკრებაზე კერესელიძეს ვიძახებდი ტრავმა რომ არ მიეღო, მაგრამ ჯერ კონკრეტულად მესამე მეკარეზე ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ და ამიტომ, ვამჯობინე ერთი მატჩისთვის მესამე მეკარე არ გამომეძახებინა.

მიხარია, რომ ქართველ ფეხბურთელებს პროგრესი აქვთ და კარგ ლიგებში თამაშობენ. ბუნებრივი პროცესია, რომ მათი ღირებულება იზრდება, იმ წინსვლიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს, მაგრამ გუნდს ვერ ვატყობ, რომ წნეხი იზრდება.

მსოფლიოს ჩემპიონატი? რა თქმა უნდა, ეს ტურნირი ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის დიდი ზეიმია და სახლში ოჯახთან ერთად ვუყურებ. თუმცა, ჩემი პრიორიტეტი საქართველოს ნაკრებია და ამ თავისუფალ დროს გამოვიყენებ, რომ განვლილი მატჩები კიდევ გავაანალიზო და სწორი დასკვნები გამოვიტანო მომდევნო მატჩებისთვის უკეთ მოსამზადებლად.

ელინგ ჰოლანდზე ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ნორვეგიას სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავს. ამ მატჩამდე 5 თვეა და ნორვეგიის უკეთ შესაფასებლად მათი მატჩების ნახვა და ანალიზი მჭირდება. როცა მატჩები მოახლოვდება, ვნახავ ნორვეგიის ნაკრების თამაშებს და უფრო მეტს გავიგებ ამ გუნდის შესახებ“, - თქვა ვილი სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალაქ შარჯაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ თამაშს ერთწლიანი და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, რომლის ფარგლებში ვილი სანიოლის გუნდმა 9 მატჩი მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა.

0.112388