კალათბურთი

23:12 | 13.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "რთულ თამაშს ველოდებით, რადგან იტალია გამოცდილი გუნდია"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა იტალიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, რთული თამაში იქნება გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ძლიერი მოთამაშეები ჰყავს.

„ისლანდიასთან კარგი სამუშაო შევასრულეთ და ძალიან რთული თამაში იყო. ხვალაც ძალიან მძიმე თამაშს ველოდებით გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს, ისინი ევროლიგასა და სხვადასხვა ევროტურნირებზე თამაშობენ და კარგ ფორმაში არიან. იტალია აგრესიულ კალათბურთს თამაშობს. გვსურს, რომ დარბაზი გაივსოს, ყოველთვის გვჭირდება ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა. მნიშვნელოვანი იქნება თამაშის ტემპის გაკონტროლება, იტალიის ნაკრებს კარგი მსროლელები ჰყავს და ამიტომ დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ. ეს ბოლო თამაშია ამ ფანჯარაში და კარგი შანსი გვაქვს, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

რა შევცვალეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ? რატომ უნდა შეგვეცვალა, არაფერი შეგვიცვლია. ჩვენ ყოველთვის ცდილობდით, რომ საუკეთესოდ გვეთამაშა, როგორ გამოგვდიოდა, ეს სხვა საკითხია. ყოველთვის გინდა, რომ მიზანს მიაღწიო, მაგრამ ხანდახან ეს არ გამოდის. ეს კალათბურთია, ყოველ თამაშს ახლავს სირთულეები და პრობლემები, ევრობასკეტზე კი განსაკუთრებით ბევრი პრობლემა გვქონდა. ახლა ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა. ისევ განვმეორდები - ეროვნული ნაკრები ეროვნული ნაკრებია. კარგ მომენტებში ხალხი ერთადაა, რთულ მომენტებში კი მეტი ხალხის თანადგომა გვჭირდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ შენ გიყვარს შენი გუნდი და გიყვარს შენი ქვეყანა, მხარი უნდა დაუჭირო რთულ მომენტებში და არა მხოლოდ კარგ მომენტებში, რადგან კარგ პერიოდში ყველა ისედაც გვგულშემატკივრობს. ეს სიმართლეა“, - თქვა ზუროსმა.

ხვალინდელ მატჩამდე კომენტარი გააკეთეს და საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გიორგი შერმადინმა და მიხეილ ბერიშვილმა:

გიორგი შერმადინი: „ისლანდიაში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და ახლა იტალიასთან მატჩი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ცოტა გვაშორებს მსოფლიოს ჩემპიონატამდე. ერთი ვარჯიში ჩავატარეთ, გვქონდა ვიდეო ანალიზიც და ვფიქრობ, თამაშისთვის ყველანი მზად ვიქნებით. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარიც მოვა, რადგან ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა და ლამაზიც იქნება, რომ იტალიის ნაკრებთან დარბაზი გადავსებული იყოს, ეს ჩვენთვის დამატებითი მუხტია. ვეცდებით, რომ ერთად გავიხაროთ. იტალიას ძალიან კარგი ნაკრები არ ჰყავს, მართალია, სხვა შემადგენლობით არიან, ვიდრე ჩვენთან ბოლო მატჩში იყვნენ, მაგრამ მაინც იტალიაა და ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, თუმცა ჩვენც მზად დავხვდებით“.

მიხეილ ბერიშვილი: „იტალიასთან მატჩისთვის ვემზადებით. მოგეხსენებათ, იტალია ძალიან ძლიერია, მაგრამ შანსი გვაქვს, რომ ამ მოგებით მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ისლანდიასთან მოგება უკვე დავივიწყეთ და მხოლოდ იტალიასთან შეხვედრაზე ვფიქრობთ, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები იტალიას 27 აგვისტოს სტუმრად დაუპირისპირდა და 84:91 დამარცხდა. L ჯგუფში ესპანეთი ლიდერობს (6 მოგება 1 წაგება), მეორე ადგილზე იტალიაა (5-2), მესამეზე საქართველო (4-3) და სწორედ საუკეთესო სამეული გავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ასევე 4 მოგება და 3 წაგება აქვს ისლანდიას, რომელიც ილიას ზუროსის გუნდის მთავარი კონკურენტია, მეხუთე საფეხურზე უკრაინაა 2 მოგებით და 5 წაგებით, ხოლო ნიდერლანდები მოგების გარეშე ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

0.264654