ფეხბურთი

2:30 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "მიხარია, რომ მე და კვარა სერია A-ში ვართ, იმედია, აქ უფრო მეტი ქართველი ითამაშებს"

იტალიის სერია A-ს მე-15 ტური „ემპოლისა“ და „კრემონეზეს“ მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. ამრიგად, ლუკა ლოჩოშვილის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე მოგების გარეშე გავიდა.

ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთამდე ითამაშა. „კრემონეზეს“ 15 ტურში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი 4 იანვარს, შინ „იუვენტუსთან“ ელოდება.

ლოჩოშვილმა ტელეკომპანია DAZN-თან მოკლე კომენტარი გააკეთა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა:

„მე და ხვიჩა „დინამო თბილისის“ აკადემიაში ერთად ვიყავით, კარგი მეგობრები ვართ. ზოგადად ვიტყვი, რომ საქართველოში ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და კვარა სერია A-ში ვართ და იმედი მაქვს, რომ ამ ჩემპიონატში უფრო და უფრო მეტი ქართველი ითამაშებს“, - აღნიშნა ლუკამ.

შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ გასულ ზაფხულს ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ შეუერთდა და დღემდე სერია A-ს 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.117464