რაგბი

21:38 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ შარიქაძე: "სამოასთან ომი იქნება!"
"ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია

12 ნოემბერს სამოასთან „დინამო არენაზე“ (18 საათი) გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს.

გასულ შაბათს სამოა იტალიასთან 17:49 დამარცხდა, თუმცა როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე მოთამაშეები დარწმუნებული არიან, რომ ხვალ ურთულესი თამაში იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, თუ ფიჯი ირლანდიასთან, ხოლო იტალია ავსტრალიასთან დამარცხდა, საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე დაწინაურდება.

„სრულად გვაქვს გააზრებული, რომ ხვალ მარტივი თამაში არ გველოდება. იტალიასთან დიდი სხვაობით მარცხის შემდეგ, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ სამოა სუსტი გუნდია, თუმცა ეს ანგარიში მათ რეალურ ძალას არ ასახავს. გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო რაგბის რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე გადასვლის შანსი გვაქვს. რეიტინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, თუმცა გარკვეულ მოტივაციას ესეც გვმატებს“.

„მოკლე კვირა გვქონდა და ეს არჩევანი ჩვენ თავად გავაკეთეთ. მოსამზადებლად პირველი კვირა უფრო მნიშვნელოვანია და ურუგვაისთან თამაში კვირას ჩავნიშნეთ, სამოასთან კი შაბათს. წინა თამაშში სისტემური შეცდომები არ გვქონია. წუნი სიჩქარით იყო გამოწვეული. სამოასთან ნებისმიერი ბურთის დაკარგვა საფრთხის მატარებელი იქნება და ამაზე ვიმუშავეთ“.

„არეული თუ დალაგებული – ეს კითხვა დავუსვი ბიჭებს სამოასთან თამაშის კვირის დასაწყისში. ჩვენი უპირატესობა ხვალ იქნება სისტემური თამაში. სამოა არეულ თამაშში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მეტოქეს შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავი ყავს და ვფიქრობ, გამარჯვების შანსები თანაბარია“ – განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

„სამოა ძალიან ძლიერი გუნდია და მათი მორაგბეები განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან. არაფრისგან შეუძლიათ მომენტის შექმნა და ქულების აღება. არეულ თამაშში მათ თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხონ. როგორც ლევანმა აღნიშნა, ჩვენი უპირატესობა სისტემური თამაში იქნება. იტალიასთან დიდი სხვაობით მარცხის გამო სამოას ვინმე სუსტ გუნდად თუ მიიჩნევს, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. როგორც მოთამაშე, ხვალ უფრო რთულ თამაშს ველი, ვიდრე უელსთან. ომი იქნება! სამოა სამჯერ დავამარცხეთ, მაგრამ ეს უდიდესი შრომის ფასად დაგვიჯდა, საკუთარ თავებს ვაჯობეთ და ასე უნდა მოვიქცეთ ხვალინდელ შეხვედრაშიც,. ამაში კი მაყურებლის დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება“ – აღნიშნა გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

RUGBY.GE

0.113265