ფეხბურთი

19:34 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "სამწუხაროდ კვარას ტკივილი ისევ აწუხებს, მაგრამ შეგვიძლია სხვებსაც ვენდოთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „უდინეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. მისი თქმით, კვარას ტკივილი ისევ აწუხებს.

„დიახ, კვარა ისევ არ არის კარგად. ვეცადეთ ეთამაშა, მაგრამ როგორც კი საჭირო სიჩქარეს და კუნთების წნეხს აღწევს, მაშინვე აწუხებს ტკივილი და ამიტომ ხვალინდელ მატჩში არ იქნება. ვწუხვართ, მაგრამ განვლილმა ორმა თამაშმა გვაჩვენა, რომ გუნდი ვართ და არა ინდივიდუალურ მოთამაშეთა ნაკრები. რასაკვირველია, გვსურს, რომ კვარა, რაც შეიძლება მალე ჩვენს განკარგულებაში იყოს, მაგრამ შეგვიძლია სხვებსაც ვენდოთ, რომლებმაც თავიანთი თვისებები აჩვენეს. შესაძლოა არა იმ დონის თვისებები, რაც კვარას აქვს, რადგან მას ყველა თანამედროვე ფეხბურთის ახალ დიდ ფეხბურთელად განიხილავს, მაგრამ სხვა მოთამაშეებმაც იციან, როგორ გააკეთონ ის, რაც საჭიროა“, - აღნიშნა სპალეტიმ.

ვინაიდან, „უდინეზესთან“ „ნაპოლისთვის“ ბოლო ოფიციალური თამაშია მიმდინარე წელს, შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელია სერია A-ში მხოლოდ იანვარში ითამაშებს, როცა სეზონი განახლება („ნაპოლი“ 4 იანვარს, „ინტერს“ შეხვდება). თუმცა, მანამდე „ნაპოლი“ თურქეთში შეკრებას გაივლის, სადაც ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 17-ჯერ ითამაშა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115372