„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სოტილმა „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მას შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ და ხვალინდელ შეხვედრაში მის შესაძლო არყოფნაზეც დაუსვეს.
უდინელთა თავკაცმა ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ „ნაპოლის“ სხვა მაღალი დონის მოთამაშეებიც ჰყავს.
„კვარაცხელია ნამდვილად დიდებული შენაძენია, ამას ამბობს მისი თამაშები და მოედანზე ნაჩვენები შედეგები. კლასიკური გარემარბია, ერთი-ერთზე ძალიან კარგი, გოლების გატანის თვალსაზრისითაც ძალიან მშიერი და სწორედ ეს შიმშილი თამაშში განსხვავებას ქმნის. თუმცა, თუ ის მატჩს გამოტოვებს, არ ვფიქრობ, რომ რაღაც შეიცვლება. „ნაპოლის“ კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს და მას მაღალი დონის ფეხბურთელი შეცვლის“, - თქვა სოტილმა.
შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად დღესაც ვერ ივარჯიშა და დიდი ალბათობით, ამ შეხვედრასაც გამოტოვებს.