ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ წლის ბოლო ოფიციალურ თამაშსაც გამოტოვებს. ქართველმა ფეხბურთელმა წელის ტრავმისგან ბოლომდე გამოჯანმრთელება „უდინეზესთან“ მატჩის წინაც ვერ მოასწრო.
როგორც ნეაპოლიტანური გუნდის ვებგვერდი წერს, კვარამ დღეს ისევ თერაპიული კურსი გაიარა და სპორტდარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა, გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში კი მონაწილეობა არ მიუღია. ეს ნიშნავს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ინფორმაცია დაადასტურა ლუჩანო სპალეტიმაც, რომელმაც მასზე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კვარას წელის ტკივილის გამო მესამე მატჩის გამოტოვება მოუწევს, რადგან მანამდე „ატალანტასა“ და „ემპოლის“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშა. ვინაიდან, ეს „ნაპოლისთვის“ ბოლო ოფიციალური თამაშია მიმდინარე წელს, შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელია სერია A-ში მხოლოდ იანვარში ითამაშებს, როცა სეზონი განახლება („ნაპოლი“ 4 იანვარს, „ინტერს“ შეხვდება). თუმცა, მანამდე „ნაპოლი“ თურქეთში შეკრებას გაივლის, სადაც ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 17-ჯერ ითამაშა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.