რაგბი

18:57 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | ოთხი ცვლილება და ერთი დებიუტანტი სამოასთან

გასულ კვირას ურუგვაისთან 34:18 მოგებული მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამოასთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. სამი ახალი სახეა მარქაფაში.

საქართველო სამოას 12 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ 18 საათზე ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში დიდი შანსია (თუ ფიჯი ირლანდიასთან და იტალია ავსტრალიასთან დამარცხდება) მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე დაწინაურდეს.

როტაციის პრინციპით, სამი ცვლილებაა შერკინებაში. კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, მეორეხაზელმა ლადო ჩაჩანიძემ და მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ მარქაფაში გადაინაცვლეს. მათ ნაცვლად მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდნენ გიორგი ჭყოიძე, ნოდარ ჭეიშვილი და ოთარ გიორგაძე. ტრავმა მიიღო და ნოემბრის ტესტები დაასრულა შუამარბმა გიორგი კვესელაძემ. მის ნაცვლად ძირითადში დემე თაფლაძე დაწინაურდა.

სამი ახალი სახეა მარქაფაში და მათგან ერთ-ერთი დებიუტანტია – ტოპ 14-ის ‘ლა როშელის’ ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია, რომელსაც ფრანგული კლუბის პირველ გუნდში, ტოპ 14-ში სადებიუტო თამაში ცოტა ხნის წინ ქონდა. მარქაფაში გამოჩნდნენ გამოცდილი უკანახაზელები – ლაშა ხმალაძე და მირიან მოდებაძე.

„სამწუხაროდ, ტრავმის გამო კვესელაძე გამოგვაკლდა და ის ვერც უელსთან დაგვეხმარება. კარგი ისაა, რომ დაზიანების ხარისხი დიდი არაა და წესით რეაბილიტაცია მალე უნდა გაიაროს. ასევე მცირე ტრავმა აქვს აბდალაძეს, ამ კვირაში ვერ ივარჯიშა და მარქაფაში დებიუტანტი სანდრო ქუნთელია გვყავს. ის ახალგაზრდაა და გვესმის, რომ ძალიან დიდ ტვირთვ ვკიდებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ ამოცანას კარგად გაართმევს თავს. სამწვრთნელო შტაბის მოსაზრებებიდან გამომდინარე როტაცია გვაქვს მესამე ხაზში. რებილიტაცია დაასრულა და მარქაფაშია მირიან მოდებაძე, ასევე ლაშა ხმალაძე“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და განაგრძობს:

„სამოასთან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ის არ იქნება მარტივი. მეტოქეს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ყავს, თუმცა იტალიასთან თავი ვერ წარმოაჩინა და ჩვენთან ეცდება სიტუაციის გაუმჯობესებას. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ მოსამზადებლად სულ ორი ვარჯიში გვქონდა, თუმცა გვყავდა ტრავმირებული მოთამაშეები და რამდენიმე მათგანმა სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ შეხვედრას კარგად მომზადებულები ვხვდებით და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვდგეთ“.

12 ნოემბერი. თბილისი. „დინამო არენა“. 18:00 საქართველო – სამოა საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 15 კეპი, 28 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 90 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 19 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 101 კეპი, 75 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 36 კეპი, 293 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 68 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 33 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 24 კეპი, 20 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 3 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 40 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 75 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 35 კეპი, 50 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 29 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 37 კეპი, 55 ქულა);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 91 კეპი, 55 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 3 კეპი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (უკეპო); 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 3 კეპი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 16 კეპი, 20 ქულა); 21. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 1 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 53 ქულა), 23. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 19 ქულა, 45 ქულა).

RUGBY.GE

0.114284