„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გადატვირთულ კალენდარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელები ასეთ გრაფიკს ვეღარ უძლებენ.
ესპანელმა სპეციალისტმა იხუმრა და აღნიშნა, რომ მუნდიალის შემდეგ კლუბებში თამაში ფიზიოთერაპევტებს მოუწევთ.
„გიჟური სეზონია, ფეხბურთელები ვერ ისვენებენ და მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველთვის მათ გონებაშია. ერთი თვის წინ შემეძლო ფეხბურთელებისთვის მეთხოვა კონცენტრირება, მაგრამ ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოსაა. შაბათს ვთამაშობთ, კვირას კი ეროვნულ ნაკრებში მიდიან. ფეხბურთელებს არ შეუძლიათ, რომ ამაზე არ იფიქრონ და მეც მათ ადგილას ასე მოვიქცეოდი.
გერმანიაში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პირველი თამაში 20 იანვარს გაიმართება, პრემიერლიგაში კი სეზონი 25 დეკემბერს განახლდება. უმჯობესია არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. შეიძლება აკადემიის ფეხბურთელების დამატება მოგვიწიოს ან ფიზიოთერაპევტებმა ითამაშონ. კალენდარი ძალიან მჭიდროა, ჩემთვის ეს პრობლემა არ არის, რადგან 2-კვირიანი შვებულება მაინც მაქვს, მაგრამ ფეხბურთელებისთვის ეს ყველაფერი მეტისმეტია“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.