ფეხბურთი

1:24 | 9.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კომპლიმენტები კარგია, მაგრამ სკუდეტომდე გრძელი გზაა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ემპოლისთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს, მაგრამ სეზონის ბოლომდე ძალიან გრძელი გზაა გასავლელი.

„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ იმიტომ, რომ სატურნირო ცხრილში უპირატესობა შევინარჩუნეთ, მაგრამ გზა ძალიან გრძელია და სხვების კომპლიმენტებს არ ვუსმენთ. ძალიან მკაფიო პერსპექტივები და ოცნებები გვაქვს, ეს 3 ქულა კი დაგვეხმარება წინსვლაში, მაგრამ სკუდეტოს პრეტენდენტი ისევ 7 გუნდია, ჯერჯერობით არაფერი იცვლება.

ყველაფერი დადებითი, რასაც ჩვენზე ამბობენ, გაფილტრული უნდა იყოს, რადგან ხშირად არიან ისეთებიც, ვისაც უნდა, რომ ცაში აგვწიონ, რომ შემდეგ მიწაზე დავენარცხოთ. თუმცა, ვინც მართლა ფიქრობს, რომ ჩვენ შესანიშნავ ფეხბურთს ვთამაშობთ, მათი კომპლიმენტები მიხარია. მთლიანობაში კი ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.

არ მგონია მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამ ჩემი გუნდის ტემპი შეანელოს. ეს პაუზა ყველასთვის ერთნაირია. შეცვლებით მოვიგეთ? გუნდში 22 ფეხბურთელის თვისებების ქონა უფრო კარგია, ვიდრე მხოლოდ 11 მოთამაშის. ფეხბურთი შეიცვალა, აღარ არის, როგორიც ადრე იყო. ყოველ სამ დღეში თამაშია და 4-5 შეცვლის გარეშე ფეხბურთელებს 90 წუთის სათამაშოდ ძალები არ ეყოფათ. გუნდისთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ იტალიის სერია A-ში 14 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს (12 მოგება, 2 ფრე) და პირველ ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 12 ნოემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს და ეს იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე ნეაპოლელთა ბოლო მატჩი. ითამაშებს თუ არა, ხვიჩა კვარაცხელია „უდინეზეს“ წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ "ნაპოლიმ" თავის ისტორიაში მესამედ მოიგო სერია A-ში ზედიზედ 10 თამაში (მანამდე მსგავსი სერია ორჯერ მაურიციო სარის მწვრთნელობისას ჰქონდა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112468