იტალიელმა ექიმმა ანჯელო კავალომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ნეაპოლურ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, ასეთი ტრავმისგან გამოსაჯანმრთელებლად 2 კვირაა საჭირო.
მისი განცხადებით, თუ მკურნალობა სწორად წარიმართება, ეს დაზიანება მომავალში თავს არ იჩენს და შემდგომ გართულებებს არ გამოიწვევს.
„ტერმინი წელის ტკივილი ნიშნავს სიმპტომს და არა პათოლოგიას. სპორტსმენების შემთხვევაში წელის ტკივილი უკავშირდება დისკის თიაქარს. კვარას შემთხვევაში ტრავმა „ენფილდზე“ დაცემას უკავშირდება და ეს არ არის ზედმეტი დატვირთვისგან გამოწვეული დაზიანება. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის კუნთების კონტრაქტურა, რომელიც ძლიერ ტკივილს იწვევს და ფეხბურთელი იძულებულია მოედანზე მოძრაობებში შეიზღუდოს.
ჩვეულებრივ ასეთი ტრავმისგან გამოჯანმრთელებას 2 კვირა სჭირდება, მაგრამ ექიმები, კანონიკო და დე ლუკა შესანიშნავი სპეციალისტები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ის, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. თეორიულად შესაძლებელია, რომ „უდინეზესთან“ ითამაშოს, მაგრამ ასეთი ტრავმა მარტივი არასდროსაა.
ტრავმა ყოველთვის ტოვებს გარკვეულ შედეგებს და ინფილტრატები კორტიზონზეა დაფუძნებული, ამიტომ ინფილტრაციას დიდი აზრი არ ექნება. საქმეში ფიზიოთერაპია ჩაერთვება. „ნაპოლის“ სამედიცინო პერსონალი სასწაულებს ახდენს, თუმცა გარწმუნებთ, რომ „ემპოლისთან“ მისი თამაში თავიდანვე გამორიცხული იყო. იქონიებს თუ არა ეს ტრავმა გავლენას სეზონის განმავლობაში? თუ კარგად უმკურნალებენ, საერთოდ არა. ეს რისკი არ წარმოიქმნება თუ კვარას „ნაპოლის“ სამედიცინო სტაფში სათანადოდ მკურნალობენ“, - თქვა კავალომ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. კვარას წელის ტრავმის გამო ორი მატჩი გაუცდა, 12 ნოემბერს, „უდინეზესთან“ თამაშის საკითხი კი ჯერ გარკვეული არაა.