ჩოგბურთი

15:05 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარსიამ საბალენკას მოუგო და WTA-ს ფინალის ჩემპიონი გახდა

ფრანგმა კაროლინ გარსიამ, შტატ ტექსასის ქალაქ ფორტ უორტში გამართული WTA-ს ფინალის გადამწყვეტ შეხვედრაში, ბელარუსი არინა საბალენკა 7-6(4), 6-4 დაამარცხა და თავის კარიერაში, ყველაზე გამორჩეული ტიტული მოიპოვა.

„დღეს ძალიან ინტენსიური ფინალი გვქონდა. ვამაყობ იმით, რომ შეხვედრის განმავლობაში, სიმშვიდე შევინარჩუნე და ყოველი ქულისთვის, ყოველი გეიმისთვის ვიბრძოდი“, - განაცხადა ჩემპიონმა.

თამაშის პირველ სეტში, ორივე ჩოგბურთელი გამორჩეულად კარგად აწოდებდა და ამის გამო, ბრეიკის შანსი არცერთს მისცემია. ლოგიკურად, სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც უფრო სტაბილური გარსია იყო. საბალენკამ ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს 5-2 დაწინაურების შესაძლებლობა მისცა. უფრო მეტიც, მან სეტ პოინტზეც ორმაგი შეცდომა დაუშვა და გარსია სეტებში 1-0 დაწინაურდა.

აქედან მოყოლებული, გარსიამ მეტოქეზე ზეწოლა გაზარდა. შედეგად, პირველივე გეიმში მიაღწია ბრეიკს, შემდეგ ერთხელ თავის მოწოდებაზე გადაარჩინა გეიმი და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. მან 11 ეისი მოაწოდა და მეტოქისთვის ბრეიკის შანსი ერთხელაც არ მიუცია.

29 წლის გარსია ჯერ კიდევ ივნისში, რეიტინგში 70-ე ადგილზე იყო, მაგრამ მას შემდეგ ოთხი ტურნირი მოიგო, აშშ-ის ღიას ნახევარფინალს მიაღწია და WTA-ს ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ფორტ უორტში ტრიუმფის შემდეგ, ის რეიტინგში მე-4 საფეხურს დაიკავებს.

0.137086