სხვა

1:00 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიუ იორკის მარათონზე კენიელები დომინირებდნენ

ნიუ იორკის მარათონი, რომელიც ამ დროისთვის უჩვეულოდ ძლიერი სიცხის და ტენიანობის პირობებში ჩატარდა, კენიელი მორბენლების გამარჯვებით დასრულდა. მამაკაცთა შორის პირველი ადგილი ევანს ჩებეტმა დაიკავა, ქალთა შორის კი ყველაზე სწრაფი, შარონ ლოკედი იყო.

36 კილომეტრის შემდგ, გარბენს ბრაზილიელი დანიელ დო ნასციმენტო ლიდერობდა, ვინც უახლოეს მდევარს ორ წუთზე მეტს უგებდა. მაგრამ სიცხით გათანგულს, ძალა გამოელია და დაეცა. მის მოსასულიერებლად, სარბენ ზოლში პოლიციელებიც კი შეცვივდნენ. ბედად, ბრაზილიელი მალევე მოვიდა გონს, თუმცა ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.

ლიდერობა ხელთ იგდო ჩებეტმა, ვისაც წელს ბოსტონის მარათონიც აქვს მოგებული. მან ტემპი 25 კილომეტრის შემდეგ გაზარდა და დაღლის მიუხედავად, ბოლოს კიდევ უფრო აუჩქარა ფეხს. ფინიშს კი ორ საათში, რვა წუთსა და 41 წამში მიაღწია. მეორე ადგილზე შურა კიტატა (2:08:54) გავიდა, მესამე ადგილი კი ჰოლანდიელმა აბდი ნაგეიემ დაიკავა.

ლოკედი, ვისთვისაც ეს კარიერაში პირველი მარათონია, გარბენის დიდი ნაწილის განმავლობაში, ლიდერთა ჯგუფში იყო. შემდეგ კი ფეხს აუჩქარა და ფინიშს ორ საათში, 23 წუთსა და 23 წამში მიაღწია, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მეორე ადგილზე ისრაელის ლონა ჩემტაი სელპეტერი (2:23:30) გავიდა, მესამემ კი ფინიშს მსოფლიო ჩემპიონმა, ეთიოპიელმა გოტიტომ გებრესლასემ მიაღწია.

28 წლის ლოკედიმ განაცხადა, რომ ნიუ იორკში გამარჯვებას არ ელოდა. ის ახლა იმას ფიქრობს, რომ თავის მწვრთნელს დაელაპარაკოს იმაზე, თუ რომელ მარათონზე იასპარეზებს შემდეგში.

0.133938