WTA-ს ფინალის ტიტულისთვის ბელარუსი არინა საბალენკა და ფრანგი კაროლინ გარსია ითამაშებენ. საბალენკამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პოლონელი იგა სვიატეკი 6-2, 2-6, 6-1 დაამარცხა, გარსიამ კი ბერძენ მარია საკარის 6-3, 6-2 მოუგო.
ნახევარფინალამდე სვიტეკს ერთი სეტიც არ ჰქონდა წაგებული, მაგრამ ბელარუსი ჩოგბურთელის ძლიერი დარტყმების წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. საბალენკამ გამარჯვების ქულა ეისით მოიპოვა, სულ კი 12 ეისი მოაწოდა.
„ერთადერთი, რაც გონებაში მქონდა ის იყო, რომ მისთვის რაც შეიძლება, მეტი წინააღმდეგობა გამეწია. ამ სურვილით, წარმოუდგენლად კარგად ვითამაშე და გამარჯვებას მივაღწიე“, - განაცხადა საბალენკამ, ვინც სვიატეკთან აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში დამარაცხდა.
დასაწყისში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, შემდეგ კი ბელარუსმა დამაჯერებელ უპირატესობას მიაღწია და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. სვიატეკმა საწყის სეტში, მისთვის უჩვეულოდ ბევრი შეცდომა დაუშვა. მაგრამ მეორეში თამაში გამოასწორა და პირველი ოთხი გეიმი მოიგო. შემდეგ კი სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა.
თუმცა ამით თამაში მაინც ვერ გადაარჩინა. მესამე სეტში საბალენკა კორტზე აბსოლუტური დომინანტი იყო. მან თავის პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ორი ქულა დათმო, მეტოქეს ერთი ბრეიკ პოინტის შანსიც არ მისცა და კარიერაში მესამედ მოუგო რეიტინგში პირველ საფეხურზე მყოფ მეტოქეს.
საბალენკა ფინალში ხვდება გარსიას, ვისთანაც ცინცინატის ტურნირზე დამარცხდა. ფრანგმა 6 ეისი მოაწოდა და შეხვედრა 75 წუთში მოიგო. და პირველად ითამაშებს WTA-ს ფინალის ტიტულისთვის. მან პირველი სეტის მეცხრე გეიმში, საკარის მშრალად მოუგო და მეორე სეტის პირველ ოთხ გეიმშიც გაიმარჯვა. და იოლად მიაღწია გამარჯვებას.