რაგბი

10:25 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო, შემდეგში ამდენ შეცდომას არ დავუშვებთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ურუგვაის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში 34:18 მოუგო და ნოემბრის სერიები პოზიტიურად დაიწყო. მატჩის შემდეგ კომენტარი "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კომენტარი გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შეცდომები და ბევრი ჯარიმა ავიღეთ, თამაშით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეები ჩქარობდნენ და შეცდომებიც ამის შედეგი იყო. ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო და დარწმუნებული ვარ მომდევნო შეხვედრაში ამდენი შეცდომა და ჯარიმა აღარ იქნება. თამაშის არცერთ ეტაპზე სადავეები ხელიდან არ გაგვქცევია. იყო სამწუხარო მომენტები, როდესაც არასისტემურად ვითამაშეთ, მაგრამ მალევე დავბრუნდით. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ტექნიკური წუნი თუ შეცდომები ამის შედეგია, რომელიც აუცილებლად გამოსწორდება. კარგია რომ გავიმარჯვეთ და თამაშიდან თამაშამდე განვვითარდებით. მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და რა თქმა უნდა გულშემატკივარს.

ეს კვირა მხოლოდ სამოაზე ვიფიქრებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვებით უელსზე. კუნძულელებს ახასიათებთ თამაშების ჩაგდება და სამოას იტალიასთან მარცხმა არ უნდა მოგვატყუოს. ამ გადასახედიდან საგანგაშო ტრავმა არავის აქვს და ვიმედოვნებ მომდევნო შეხვედრას ყველა მორაგბე მზადყოფნაში შეხვდება“.

მერაბ შარიქაძე: "სავსე სტადიონი უკეთესი იქნებოდა, თუმცა თითოულ გულშემატკივარს, ვინც დღეს ტრიბუნაზე იყო უდიდეს მადლობას ვუხდი. ვისურვებ, რომ სამოასთან მატჩში ტრიბუნები ბოლომდე იყოს სავსე.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, ბევრი ბურთი დავკარგეთ, მაგრამ მთლიანიბაში ლაღი თამაში ვაჩვენეთ და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ, ყველა მათგანი ქულებში არ აისახა. მთლიანობაში ეს იყო თამაში, საიდანაც ბევრი რამ მივიღეთ და დარწმუნებული ვარ სამოასთან შეხვედრამდე ინდივიდუალური შეცდომები გამოსწორდება. ამაზე მთელი კვირის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების ეგიდით მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, ისევ თბილისში, სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 19 ნოემბერს, სტუმრად უელსს დაუპირისპირდება.

0.123452