საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტები კარგად დაიწყო და თბილისში, პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ურუგვაის ნაკრები დამაჯერებლად, 34:18 დაამარცხა.
თავიდან სამხრეთამერიკელები დაწინაურდნენ ბერჩესის ჯარიმით, მაგრამ ამას ჯარიმითვე მალევე უპასუხა თედო აბჟანდაძემ, მერე კი ურუგვაელებმა ვერაფერი მოუხერხეს ბექა გორგაძეს, რომელმაც პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიქი შეასრულა და მეტოქე სამჯერ დაალელოვა. სამივე ლელო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. თავის მხრივ, შეტევაში უსაქმოდ არც სტუმრები ყოფილან, რომლებმაც ანტრაქტამდე თითო ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიითვალეს და ტაიმი მაისაშვილის გუნდმა 24:13 მოიგო.
მეორე ტაიმშიც თამაშის სცენარი არ შეცვლილა, უბრალოდ ნაკლებშედეგიანი გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ლელო ტაიმის დასაწყისშივე მიითვალა, რომელიც პაპიძის აქტივშია, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, ხოლო ურუგვაის ნაკრებმა სილვას გარდაუსახავი ლელოთი უპასუხა. მატჩის საბოლოო ანგარიში აბჟანდაძის ჯარიმით დაფიქსირდა - 34:18.
ამრიგად, „ბორჯღალოსნებმა“ სერიები პოზიტიურად დაიწყეს. საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების ეგიდით მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, ისევ თბილისში, სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 19 ნოემბერს, სტუმრად უელსს დაუპირისპირდება.
საქართველო - ურუგვაი 34:18 (24:13)
საქართველოს ნაკრების მექულეები: გორგაძე (15), აბჟანდაძე (14), პაპიძე (5)