ქალთა ლიგის 2022 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება და ზედა ჯგუფში გუშინ ორივე შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორი გუნდი - „ჩხოროწყუს „სამეგრელო“ და „ლანჩხუთი“ აგრძელებენ.
სატურნირო ცხრილში უპირატესობას გივი კვარაცხელიას გუნდი ფლობს, რომელსაც მეორეადგილოსან გუნდთან 5-ქულიანი ფორა აქვს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. ისინი მომდევნო ტურში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონატს სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოიგებენ.
მანამდე კი მეოთხე ტურის შეხვედრებზე: ლიდერი „სამეგრელო“ ხობში „კოლხეთს ესტუმრა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. პაატა თათარიშვილის სახელობი სტადიონზე, მეგრული დერბი საკმაოდ დრამატული და დაძაბული გამოდგა.
ანგარიში 26-ე წუთზე ლიზი მწყერაშვილმა გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „სამეგრელოს“ ტაიმის ბოლოს სხვაობის გაზრდა კიდევ ერთხელ შეეძლო, როდესაც მასპინძელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა, სალუქვაძის დარტყმული ბურთი კარს ასცდა.
სტუმრებმა პენალტის დარტყმის უფლება მალევე ისევ მოიპოვეს. 57-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ნინო ბუხრიკიძე წააქციეს, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან თავადვე დაარტყა, მაგრამ ამ შემთხვევაშში ბურთი მეკარემ მოიგერია და ანგარიში კვლავ უცვლელი დარჩა.
გამოუყენებელი პენალტის შემდეგ ბუხრიკიძემ სხვაობის გაზრდა მაინც მოახერხა. 65-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში დახვდა და თავით გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.
გივი კვარაცხელიას გუნდს 26 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 12 ნოემბერს, სტუმრად „ლანჩხუთთან“ ჩაატარებს. ამ შეხვედრის ანგარიშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. „სამეგრელოს „ჩემპიონიბისთვის ფრეც ჰყოფნის, ხოლო „ლანჩხუთის“ გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა.
რაც შეეხება დღის მეორე შეხვედრას - ხუთი გოლი გავიდა თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, სოხუმის „დინამოსა“ და „ლანჩხუთის“ დაპირისპირებაში, სადაც ლანჩხუთელებმა საერთო ჯამში ოთხი, აქედან, ერთი გოლი, საკუთარ კარშიც კი გაიტანეს.
ანგარიში მე-8 წუთზე ეთერ სულაშვილმა გახსნა. ლანჩხუთელთა შემტევს, ამ მომენტისთვის 21 გოლი დაუგროვდა და 6 გოლით ჩამორჩება, ბომბარდირთა დავაში გათამაშების ლიდერს - ლელუ ჭიჭინაძეს, რომელსაც 27 გოლი აქვს. თუმცა, ბოლო მატჩებია გამოცდილი თავდამსხმელი ამ მონაპოვარს ვეღარ ამდიდრებს.
სოხუმელთაგან სწორედ ჭიჭინაძეს ჰქონდა გოლის გატანის მცდელობები, თუმცა უშედეგოდ. პირველ ტაიმში, მათ გათანაბრება მოახერხეს. 24-ე წუთზე გვანცა ქადაგიშვილმა წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი კი, ლანჩხუთელთა ავტოგოლის წყალობით მოიგეს.
სტუმრებმა, მეორე ტაიმში, ოდნავ მოუმატეს და ჯერ, 62-ე წუთზე, ირინა ხაბურზანიამ გაქვითა ანგარიში, შემდეგ კი, 78-ე წუთზე, სოფიკო ნარსიამ „ლანჩხუთს“ საჭირო 3 ქულა მოუტანა.
ამრიგად, მომდევნო შაბათს დიდი აფიშაა - "ლანჩხუთი" - "სამეგრელო". ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ჩემპიონობისთვს ბრძოლა 14:00 საათზე დაიწყება.