ფეხბურთი

0:55 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარა მაგარია, მაგრამ საკმარისია მასზე ამდენი საუბარი, გასახდელში ეს არავის სიამოვნებს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას დაზიანებაზე ისაუბრა და თქვა, რომ კვარამ წელის ტრავმა „ლივერპულთან“ შეხვედრაში მიიღო.

გარდა ამისა, სპალეტიმ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ხვიჩაზე ძალიან ხშირად ნუ ეკითხებიან:

„მან წელი იტკინა, როდესაც ალეკსანდერ-არნოლდი დაეჯახა. ორი დღის განმავლობაში სიტუაციას ვაკონტროლებდით და გვეგონა, რომ თამაშს მოახერხებდა, მაგრამ გუშინ ვარჯიშზე ტკივილი ჰქონდა. სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რისკზე არ წავსულიყავით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და თქვენთვის სამყარო მის გარშემო ტრიალებს (ღიმილით პასუხობს ჟურნალისტებს - რედ). მგზავრობასაც მოვარიდეთ, რადგან მისი თამაში საეჭვო იყო და აზრი არ ჰქონდა ჩვენთან ერთად რომ წამოსულიყო. ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდება. ერთი ფეხბურთელით ვერაფერს მივაღწევთ, 22 თანაბარი დონის მოთამაშის ყოლაა საჭირო და დღეს ის ელმასმა ძალიან კარგად შეცვალა. ზოგადად, არასწორი მესიჯები არ უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა სპალეტიმ ტელეკომპანია DAZN-ის პირდაპირ ეთერში ინტერვიუსას.

ამის შემდეგ იტალიელ სპეციალისტს კვარას შესახებ და მის დანაკლისზე პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს:

„კვარას გარეშეც შესაძლებელია მოგება. თანაგუნდელებს არ უხარიათ ამ ამბის მოსმენა, თორემ ვიღაც იკითხავს - თუ ერთ მოთამაშეზე ვართ დამოკიდებული, მოედანზე მე რა უნდა გავაკეთო? კვარა ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ დღეს კვარა არ იყო, როგორც მანამდე დიდი ხანი ოსიმენი არ გვყავდა, მაგრამ მაშინაც კარგად ვთამაშობდით. საკმარისია ასეთი შეკითხვები კვარაცხელიაზე“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „ატალანტასთან“ ტრავმის გამო არ უთამაშია, „ნაპოლიმ“ კი ვიქტორ ოსიმენისა და ელიფ ელმასის გოლებით 2:1 მოიგო და სერია A-ს სატურნირო ცხრილს 35 ქულით ლიდერობს.

0.116431