„ნაპოლიმ“ ბერგამოს „ატალანტა“ ელიფ ელმასის გოლით დაამარცხა (2:1) და ჩრდილოეთ მაკედონიელმა ფეხბურთელმა ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა.
მატჩის შემდეგ ელმასმა კომენტარი გააკეთა და ხვიჩას შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კვარას გამო ბედნიერია და ის ძალიან კარგად თამაშობს.
„რას განვიცდი, როცა ვხედავ, რომ კვარაცხელია თამაშობს? ის შესანიშნავი ადამიანია და როცა გუნდში მოვიდა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ დავხმარებოდი, რადგან ჩემზე ერთი წლით უმცროსია და ძალიან კარგად თამაშობს, მის გამო ბედნიერი ვარ. სათადარიგო სკამზე ჩემი პოსტი უბრალოდ ხუმრობა იყო. ყოველთვის კმაყოფილი ვარ, მაშინაც, როცა სათადარიგო სკამზე ყოფნა მიწევს. არასდროს მინდოდა პოლემიკა გამომეწვია და ბედნიერი ვარ, როცა ჩემი გუნდი იმარჯვებს“, - თქვა ელმასმა DAZN-ის პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, ელიფ ელმასმა რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა - სათადარიგო სკამის ფოტო და დაასათაურა: „ჩემი პირველი სიყვარული“. ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში იშვიათად თამაშობს და მოედანზე ყოფნა პრაქტიკულად მხოლოდ მაშინ უწევს, როცა ქართველ ფეხბურთელს ცვლის.