ფეხბურთი

22:55 | 5.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სერია A-ში ზედიზედ მე-9 თამაში ელიფ ელმასის გოლით მოიგო

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშეც შეძლო გამარჯვების მოპოვება და სერია A-ში ზედიზედ მეცხრე თამაში მოიგო.

ლუჩანო სპალეტის გუნდს რთული გასვლა ჰქონდა, ბერგამოში, „ატალანტასთან“, რომელიც ამ ტურამდე მეორე ადგილზე იყო და ნეაპოლიტანურ გუნდს 5 ქულით ჩამორჩებოდა. ამდენად, მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, მაგრამ „ნაპოლიმ“ ისევ მოახერხა 3 ქულის მოპოვება.

თავიდან „ატალანტა“ გაცილებით უკეთესი იყო და მე-19 წუთზე ადემოლა ლუკმენმა პენალტით ანგარიშის გახსნაც მოახერხა. თუმცა, გოლის შემდეგ სტუმრებმა მალევე შეძლეს რეაბილიტირება და ორი გოლი გაიტანეს. ჯერ ვიქტორ ოსიმენმა გაათანაბრა, ხოლო 35-ე წუთზე ელიფ ელმასმა გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში კვარას ნაცვლად იმყოფებოდა.

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და სპალეტის შეგირდებმა იმარჯვეს - 2:1. „ნაპოლიმ“ ამ მოგებით 35 ქულა დააგროვა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა, ხოლო მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს, „ემპოლისთან“ ჩაატარებს.

ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი ჯერ გაურკვეველია, არაა გამორიცხული ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მოედანზე გასვლა ისევ ვერ შეძლოს...

ფაქტია, რომ „ნაპოლი“ დიდებულ ფორმაშია და 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოსკენ ძალიან მაღალი ტემპით მიიწევს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ განვლილ 13 ტურში ნეაპოლელებმა სტუმრად "ლაციო", "მილანი", "რომა" და "ატალანტა" დაამარცხეს.

„ატალანტა“ – „ნაპოლი“ 1:2 (1:2)

გოლები: 1:0 ლუკმენი (19, პენ), 1:1 ოსიმენი (23), 1:2 ელმასი (35)

0.121883