ძიუდო

14:25 | 5.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ბაქოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მედლისთვის მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი იბრძვის, რომელსაც ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა მოლდოველი ადილ ოსმანოვი დაამარცხა, შემდეგ თურქ ბილალ ჩილოღლუს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში კანადელი არტურ მარგელიდონთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც იტალიელ მანუელ ლომბარდოს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

81 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმა უზბეკი რამაზონ ალაბერდიევი და იტალიელი ანტონიო ესპოზიტო დაამარცხა, მაგრამ უნგრელ ატილა უნგვართან ვერაფერი გააწყო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბაჰრეინელ ასკერბი გერბეკოვთან წააგო და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა.

ამავე წონაში ასპარეზობდა გიორგი შერაზადიშვილი, რომელმაც გერმანელ შამილ ძაბატიროვს მოუგო, მაგრამ მეორე წრეში იტალიელ ჯაკომო გამბასთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში ნინო გულბანი ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა თურქ მინელ აკდენიზთან მარცხით.

შეგახსენებთ, საქართველოს ბაქოს გრანდ სლემზე ჯერჯერობით მედალი არ მოუპოვებია, ბოლო საშეჯიბრო დღეს კი, კიდევ 5 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

0.138451