ფეხბურთი

15:14 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელიას და ოსიმენს ფანების გაბედნიერება შეუძლიათ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ.

„ბერგამოში იმავე თავდაჯერებით უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს „ენფილდზე“ გავაკეთეთ. „ატალანტასთან“ თანაბრად სათამაშოდ საჭიროა არა მხოლოდ ხარისხი, არამედ ფიზიკური ძალაც, რადგან ძლიერი გუნდია, რომელმაც დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელი ჰყავს.

გულწრფელად გითხრათ, მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზაში ვერც უარყოფით და ვერც დადებით მხარეს ვხედავ. ჯანსაღი გუნდი გვყავს, ფეხბურთელები, რომლებიც იციან, როგორ მართონ საკუთარი თავი და პროფესიონალები იყვნენ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ჩვენი ბევრი ფეხბურთელი საკუთარი თავისთვის პირველი მწვრთნელი თვითონ არიან.

პატივისცემა უნდა დაიმსახურო, როდესაც ასეთ დონეზე თამაშობ. „ლივერპული“ თანამედროვე ფეხბურთის მოდელია და კარგად ვითამაშეთ, გარდა ბოლო წუთებისა, როდესაც ჩავარდნა გვქონდა. ეს იყო ყურადღების მოდუნების შედეგიც, რადგან მიზნისთვის უკვე მიღწეული გვქონდა. მიუხედავად ამისა, ბიჭებში გაშვებული გოლების გამო გარკვეული სიმწარე დავინახე, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ მნიშვნელოვანი ფასეულობები და გრძნობენ, რომ დიდი გუნდის სტანდარტებს მიაღწიეს.

ბერგამოში დადებითი შედეგი რა თქმა უნდა დაადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. ძალიან ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ საკმაოდ მშვიდად ვარ, რადგან დავინახე, რომ ჩემმა გუნდმა კარგად ივარჯიშა. გუნდი ერთიანია და ჩვენი თითოეული ფეხბურთელი იმსახურებს „ნაპოლის“ მაისურის ტარებას.

ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მეტოქე? არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეგვხვდება, ყოველთვის გვინდა რთული მატჩები ვითამაშოთ და გვაქვს ძალა, რომ ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშოთ. მარტივი თამაშების ჩატარება არ გვინდა.

გვჭირდება ის ენთუზიაზმი, რომელიც გულშემატკივრებშია. სწორედ ეს არის „ნაპოლის“ მწვრთნელობის მშვენიერება, რადგან აქ არსებობს ენერგია, რომელიც გაძლევს საშუალებას საკუთარ შესაძლებლობებზე მეტი გააკეთო. ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ მათ შეუძლიათ ფანებს დიდი ბედნიერება აჩუქონ. რა მხრივ სჭირდებათ მომატება ოსიმენს და კვარას? მათ კარგად იციან, რომ უფრო მეტი ხარისხით გულშემატკივრებისთვის მეტი ბედნიერების მინიჭება შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, ისინი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ უფრო და უფრო წინ წასასვლელად“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 5 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.113739