„მანჩესტერ სიტის“ ჭაბუკი მცველი, რიკო ლუისი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და გოლი გაიტანა.
ეს ამბავი ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში მოხდა „სევილიის“ წინააღმდეგ ოთხშაბათს. ამ დროისთვის რიკო 17 წლის და 346 დღის გახლდათ. ცხადია, ამ მაჩვენებლით ის კლუბის რეკორდსმენიც გახდა - გვამცნობს „სიტის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
მანამდე რეკორდი მადრიდის „რეალის“ შემტევ კარიმ ბენზემას ეკუთვნოდა. ბენზემამ ლიგაში პირველად 2005 წელს გაიტანა, როცა ჯერ კიდევ „ლიონის“ ფეხბურთელი იყო. მაშინ კარიმი 17 წლის და 352 დღის გახლდათ.