ჩოგბურთი

0:10 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასმა პარიზის მასტერსი მოგებით დაიწყო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კარლოს ალკარასმა პარიზის მასტერსზე გამოსვლა გამარჯებით დაიწყო. მეორე წრის შეხვედრაში (როგორც ტოპ მონაწილემ, პირველი წრე გამოტოვა) მან იაპონელ იოშიჰიტო ნიშიოკას 6-4, 6-4 მოუგო. დღესვე ტურნირს მოულოდნელად გამოეთიშა რუსი დანიილ მედვედევი, ვინც ავსტრალიელ ალექს დე მინორთან დამარცხდა.

ალკარასმა თავიდანვე კარგად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ მეტოქეს ბრეიკის საშუალება მისცა (ნიშიოკამ პირველივე ბრეიკ პოინტი მოიგო), პირველი სეტის მოგება არ გასჭირვებია.

ნებისმიერ ტურნირზე პირველი წრე ყოველთვის რთული გასავლელია. ყურადღების მოდუნება არ შეიძლება და აუცილებელია რიტმში შესვლა. ამ შეხვედრაში, კორტს კარგად შევეგუე. ის საკმაოდ სწრაფია. მაგრამ როგორც წესი, ჭერქვეშა კორტებზე კარგად ვთამაშობ“, - ყვება ალკარასი.

მსოფლიოს მესამე ჩოგანი მედვედევი, ვინც ერთი კვირით ადრე, ვენის ტურნირი მოიგო, 6-4, 2-6, 7-5 დამარცხდა. დე მინორისთვის ეს კარიერაში პირველი გამარჯვებაა ტოპ ხუთეულის ჩოგბურთელთან. მესამე სეტში მან ჯერ საკუთარ მოწოდებაზე გეიმი დათმო, მაგრამ ჩამორჩენა მალევე აღმოფხვრა და კორტი მოგებულმა დატოვა.

მატჩ პოინტზე მედვედევმა ორმაგი შეცდომა დაუშვა და წაგების ჯავრი ჩოგანზე იყარა.

„ეს სეზონის ბოლოა, ყველას დაღლა ეტყობა. მიხარია, რომ ასე კარგად ვითამაშე. უბრალოდ, ძალიან საზრიანად ვირჯებოდი. რთული ბრძოლა იყო და მიხარია, რომ გავიმარჯვე“, - განაცხადა ავსტრალიელმა. მისი მომდევნო მეტოქეა აშშ-ის ღია პირველობის ამერიკელი ნახევარფინალისტი ფრენსის ტიაფო, ვინც ბრიტანელი ჯეკ დრეიპერი 6-3, 7-5 დაამარცხა.

0.115148