ჩოგბურთი

22:40 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა კასატკინას მოუგო, გარსიამ გოფი დაამარცხა

იგა სვიატეკმა WTA-ს ფინალში გამოსვლა მოგებით დაიწყო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტყუილად არ არის მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ტექსასის ფორტ უორტში დაწყებულ ტურნირზე, მან რუს დარია კასატკინას 6-2, 6-3 მოუგო. ამის შემდეგ, ფრანგმა კაროლინ გარსიამ, ასევე ორ სეტში მოუგო ამერიკელ კოკო გოფს.

სვიატეკმა შეხვედრა თავიდანვე აგრესიულად დაიწყო და ჯერ ორი ბრეიკ პოინტი მოიგერია, შემდეგ კი მეტოქის მოწოდებაც აიღო და 3-0 დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, 21 წლის პოლონელი საკუთარ მოწოდებაზე იოლად იგებდა გეიმებს და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ეს ამ სეზონში, სვიატეკის და WTA-ს ფინალის დებიუტანტ კასატკინას მეხუთე დაპირისპირება იყო და პოლონელმა მეხუთედაც მოგებულმა დატოვა კორტი. სვიატეკი შესანიშნავ სეზონს ატარებს. აპრილში მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი მოიპოვა, სულ კი რვა ტურნირი მოიგო, მათ შორის, საფრანგეთის და აშშ-ის ღია პირველობები.

„ვფიქრობ, საკმაოდ კარგად დავიწყე, რამაც თავდაჯერება მომანიჭა. მაგრამ იმავდროულად, როდესაც დაშასთან თამაშობ, სიფრთხილე და მოთმინება გჭირდება. თავიდანვე ვცდილობდი, ის ზეწოლის ქვეშ მყოლოდა. ეს საკმაოდ კარგად გამომივიდა და ამით გახარებული ვარ“, - განაცხადა სვიატკმა.

WTA-ს ფინალში სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი თამაშობს, რომლებიც ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავა

სვიატეკი და კასატკინა ტრეისი ოსტინის ჯგუფში თამაშობენ, სადაც ასევე არიან გარსია და გოფი. მათი შეხვედრა გარსიას სასარგებლოდ, 6-4, 6-3 დასრულდა.

ეს ორი ჩოგბურთელი წელს აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალშიც შეხვდა და მაშინაც ვეტერანმა ფრანგმა გაიმარჯვა. ის ამჯერადაც უფრო ზუსტი და სტაბილური იყო. გარსიამ თინეიჯერ ამერიკელთან ოთხ ბრეიკს მიაღწია და სასურველ შედეგს იოლად მიაღწია.

0.150883