ფეხბურთი

2:05 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, წაუგებელი სერია კი შეწყდა

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ დამარცხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულს“ ფანტასტიკური სერიით ესტუმრა: ზედიზედ 13 გამარჯვება და სეზონში დაუმარცხებელი სერია - 15 მოგება, 2 ფრე. თუმცა, ინგლისში ეს ყველაფერი დასრულდა.

86-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა, ხოლო 97-ე წუთზე დაახლოებით იდენტურ სიტუაციაში დარვინ ნუნიესმა იხეირა და სხვაობა ორამდე გაზარდა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ხვიჩა კვარაცხელიამ 83-ე წუთამდე ითამაშა და ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ თანაგუნდელთა შორის ყველაზე შესამჩნევი იყო. კვარამ საგოლე პასიც გააკეთა, მაგრამ გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა. ეს 53-ე წუთზე მოხდა, როდესაც ხვიჩამ საჯარიმო დარტყმა ჩააწოდა და ლეო ოსტიგორმა თავით გაიტანა. ნორვეგიელი მინიმალურ თამაშგარეში იყო და გოლი არ ჩაუთვალეს. რაც შეეხება თამაშის სურათს, ბოლო წუთებს თუ არა ჩავთვლით, „ნაპოლი“ წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა და ალბათ, არც მთლიანობაში.

საბოლოოდ, ნეაპოლიტანელთა დაუმარცხებელი სერია დასრულებულია. ლუჩანო სპალეტის გუნდმა A ჯგუფში 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ასევე 15 ქულით დაასრულა გამოსვლა „ლივერპულმა“, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში იტალიელებმა აჯობეს (4:1, 0:2). მესამე ადგილი 6 ქულით „აიაქსს“ ერგო, „რეინჯერსმა“ კი ქულა ვერ მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ ჯგუფური ეტაპზე 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი თებერვალში დაიწყება, ხოლო წილისყრა 7 ნოემბერს გაიმართება და „ნაპოლის“ მომდევნო მეტოქე გაირკვევა.

1. ნაპოლი 6 5 0 1 20 6 14 15
2. ლივერპული 6 5 0 1 17 6 11 15
3. აიაქსი 6 2 0 4 11 16 -5 6
4. რეინჯერსი 6 0 0 6 2 22 -20 0
0.118591