„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა მთავარი უკვე გააკეთა და ჯგუფიდან გავიდა, პირველი ადგილის დაკავებაზე კი არ ფიქრობენ.
გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „ნაპოლი“ ახლა საუკეთესო ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც შეუძლია.
„ვერ გავრისკავთ, მაგრამ შემადგენლობაში ბევრ როტაციასაც ვერ მოვახდენთ, რადგან „ნაპოლი“ ევროპაში ყველაზე კარგ ფორმაშია და არ შეიძლება დიდი როტაცია გვქონდეს. გვინდა თამაში მოვიგოთ, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ პირველი ადგილისთვის 4 ბურთის სხვაობით მოგება გვჭირდება. არც რევანშზე ვფიქრობთ, ეს მთავარი ჯგუფიდან გასვლა იყო და ეს მოვახერხეთ. არ ვფიქრობ რა იქნება მომავალში, ახლა მხოლოდ „ნაპოლიზე“ მატჩზე ვართ ორიენტირებული.
„ნაპოლი“ კარგ ფეხბურთს თამაშობს, ყველა ფაზაში სინქრონიზებულია. მატიპი? ჯერჯერობით არ ვიცი ითამაშებს თუ არა, კონატე დაბრუნდა და ეს კარგია. „ნაპოლის“ ფინალში გასვლა ნამდვილად შეუძლია. თუ ასე ითამაშებენ, აქვთ შანსი, რომ ფინალში გავიდნენ. ისტორია ამბობს, რომ „ლივერპულმა“ „ნაპოლი“ უნდა დაამარცხოს, მაგრამ მათ სამჯერ ვეთამაშეთ და ყოველთვის რთული მეტოქე იყო. საჭირო იქნება ორთაბრძოლების მოგება მოედნის ყველა ნაწილში.
არ ვფიქრობ, რომ „ნაპოლიმ“ ჩვენი სტილი დააკოპირა. სპალეტი ძალიან გამოცდილია და მან შექმნა ჯგუფი, რომელიც მართლაც მაღალ დონეზე თამაშობს. დაცვაში განსხვავებულად თამაშობენ, ენერგია და ინტენსივობა გააჩნიათ. მიყვარს ფეხბურთი და მომწონს „ნაპოლის“ თამაშის ყურება, ეს სასიამოვნოა. თუმცა, არ ნიშნავს იმას, რომ გვეშინია, უბრალოდ პატივს ვცემთ მეტოქეს და ალბათ ისინიც პატივს გვცემენ“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 15 ქულით ჯგუფში ლიდერია და „ენფილდ როუდზე“ 4-ბურთიანი სხვაობით თუ არ დამარცხდება, მერვედფინალში პირველი ადგილით გავა. იტალიელებმა ინგლისელები შინ 4:1 დაამარცხეს.