ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ისევ ტრავმა მიიღო. ფრანგს მიმდინარე სეზონში არ უთამაშია და რამდენიმე დღის წინ ვარჯიში დაიწყო, მოედანზე დასაბრუნებლად ემზადებოდა, თუმცა, ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა.
იტალიური მედიის ცნობით, პოგბას ამჯერად ბარძაყის პრობლემა აქვს, რის გამოც მინიმუმ 10 დღე იუქმებს. ამიტომაც, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაში ძალიან საეჭვოა. 14 ნოემბერს, დიდიე დეშამმა სია უნდა დაასახელოს, მანამდე მან თქვა, რომ თუ პოგბა საკლუბო დონეზე მუნდიალამდე ვერ ითამაშებს, მისი განაცხადში შეყვანა გაუჭირდება.
პოგბას თამაში კი „იუვენტუსში“ 2023 წლამდე გამორიცხულია. ამდენად, მუნდიალზეც დიდი ალბათობით, ვერ მოხვდება.
შეგახსენებთ, რომ პოგბამ ტრავმა ივლისში მიიღო, მაგრამ ოპერაცია მხოლოდ სექტემბერში გაიკეთა, რადგან მანამდე იმედოვნებდა, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე გამოჯანმრთელდებოდა, რაც მცდარი მოლოდინი აღმოჩნდა და უფრო მეტი დრო გაუცდა. აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსის" ლაზარეთი გადავსებულია და ამ დროისთვის ტურინულ გრანდს 14 ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს.