საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტური დღეს ორი შეხვედრით დასრულდა. კონფერენს ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა „სამგურალმა“ სტუმრად „გაგრასთან“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - 1:1. მასპინძლები ოთარ ფარულავას გოლით იგებდნენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჯეფერსონ ჯერალდომ პენალტით გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „სამგურალი“ 52 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში კონკურენტ „ტორპედოს“ შეხვდება, რომელსაც 3 ქულით უსწრებს, ხოლო „გაგრა“ 30 ქულით მერვეა და მასაც უშუალო კონკურენტ „სიონთან“ ელოდება თამაში, რომელსაც ასევე 30 ქულა აქვს.
ბოლნისური გუნდი საკუთარ მოედანზე გორის „დილასთან“ 1:2 დამარცხდა. გუნდებმა პირველივე ტაიმში გოლები გაცვალეს, მატჩის ბედი კი 77-ე წუთზე ონორე გომისის გოლმა გადაწყვიტა. გორელებს 49 ქულა აქვთ და „ტორპედოსთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ, მომდევნო ტურში მისი მეტოქე „საბურთალო“ იქნება. „სიონი“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „გაგრას“ დაუპირისპირდება.
„სიონი“ – „დილა“ 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 მოსიაშვილი (29), 1:1 ფოცხვერია (45, პენ), 1:2 გომისი (77)
„გაგრა“ – „სამგურალი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ფარულავა (71), 1:1 ჯერალდო (85, პენ)