ფეხბურთი

19:40 | 29.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია კვარაზე: "როცა ტრავმის შემდეგ მინდორზე დაბრუნდა, ფანებმა გოლზე მეტად აღნიშნეს"

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში „ნაპოლიმ“ „სასუოლო“ 4:0 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა. იტალიურმა მედიამ ქართველის თამაში რასაკვირველია მაღალ დონეზე შეაფასა.

Corriere Dello Sport 8 ქულა: „ნაპოლის“ საწყისი ორი გოლი მარჯვენა ფლანგზე დაიბადა, ერთნაირი თანმიმდევრობით: პირველი დი ლორენცოს პასით, კვარაცხელიას გადაცემით და ოსიმენის აკრობატული დარტყმით, მეორე კაპიტნის პასით, ქართველის კარგი მოქმედებით და ნიგერიელის ბადის დალაშქვრით“.

Sport.virgilio 8 ქულა: „სპალეტი კარგა ხანია სთხოვს მას ნაკლებად ეგოისტურ თამაშს: მისია შესრულებულია, ორი საგოლე პასი და შემდეგ უკვე გოლიც. კიდევ ერთი სუპერ მატჩი, მან დაიმსახურა სტადიონის ოვაციები, როცა მოედანზე ადგილი რასპადორის დაუთმო“.

Calciomercato.it 9 ქულა: „ოსიმენის პირველ გოლზე ბურთს საოცრად ეხება. 2:0-ის ეპიზოდში ახალი გვერდი დაწერა საფეხბურთო სახელმძღვანელოში, თუ როგორ უნდა იმოძრაოს გარემარბმა - შეტევა მარცხნიდან დაიწყო და მარჯვნიდან დაასრულა. მეორე ტაიმშიც აქტიური იყო“.

Calcionapoli1926 8 ქულა: „კლასი და ელეგანტურობა: გოლის მომენტში ბურთის გაჩერება ძვირფასეულობაა. გარდა ამისა, ორი საგოლე პასი გააკეთა და მეტოქეები გააგიჟა“.

Tuttonapoli 8 ქულა: „კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ უბრალოდ უმაღლესი დონეა. ორი საგოლე პასი 20 წუთში, პირველი შესაძლოა ცოტა შემთხვევითი, მაგრამ მეორე აბსოლუტურად გასაოცარი, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს სივრცის გახსნამდე, რათა ოსიმენი კართან ახლოს მიეყვანა. შემდეგ გაიტანა გოლი და რა გოლი: ჰაერში დაიმორჩილა ბურთი ისე, რომ კარგად გაისწორა და მეკარეს აჯობა“.

Eurosport 7.5 ქულა: „ორი პასი ოსიმენს, და გოლი. მეტი რა შეგიძლიათ მოითხოვოთ? უბრალოდ შეუქცევადი, კიდევ ერთხელ“.

Sportmediaset 7.5 ქულა: „დამანგრეველია კონტრშეტევებზე და ვიწრო სივრცეებში თამაშშიც. ყოველთვის, როცა ის ბურთს ეხება, რაღაც სახიფათო ხდება“.

Tuttomercatoweb 8 ქულა: „სხვა კატეგორიიდან. იმ დღეს, როცა პატივი „სტადიო მარადონაზე“ დიეგოს მიაგეს, ისიც ცოტათი დიეგოსავით თამაშობს. ორი საგოლე პასი - ერთი შესაძლოა შემთხვევითი და ერთი ბრწყინვალე, მერე კი გოლი ელეგანტური ბურთის კონტროლით და კარის წინ ცივსისხლიანი მოქმედებით. იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა ის, შეხედეთ უბრალოდ გულშემატკივრების რეაქციას, როდესაც მცირე ფიზიკური პრობლემის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა - სტადიონი თითქოს უფრო მეტად ხარობდა, ვიდრე გოლის შემდეგ. ემბლემატური ფეხბურთელია“.

Calciomercato 8 ქულა: „ორი პასი და გოლი. უბრალოდ გადამწყვეტია, „ნაპოლის“ ყველა გოლში ის ყოველთვის მონაწილეობს. ოსიმენთან ურთიერთგაგება მშვენიერია. მეორე ტაიმში მთელი „სტადიო მარადონა“ სუნთქვაშეკრული დატოვა, როდესაც ტრავმის გამო მოედნიდან ცოტა ხნით გავიდა, მაგრამ ფეხზე წამოდგა და 50 000 გულშემატკივარი გაახარა“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი, 8 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი (სერია A-ში 12 მატჩი, 6 გოლი, 5 საგოლე პასი, 2 მოპოვებული პენალტი, ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩი, 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მე-13 თამაში მოიგო, სეზონში ისევ დაუმარცხებელია (17 თამაში, 15 მოგება, 2 ფრე ყველა ტურნირზე) და სერია A-ს 32 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 5 ნოემბერს, სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება, მაგრამ მანამდე 1 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულს“ ესტუმრება.

0.112513