ჩოგბურთი

22:30 | 28.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რადუკანუს მსოფლიოს პირველ ჩოგანზე მეტი ანაზღაურება აქვს

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში კარგი შედგებით ვერ გამოირჩევა, ბრიტანელი ჩოგბურთელი ემა რადუკანუ, ქალ ჩოგბურთელებს შორის, მესამე ყველაზე მაღალ ანაზღაურებადია.

რადუკანუმ შარშან გაიბრწყინა, როდესაც აშშ-ის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულმა, 18 წლისამ გაიმარჯვა (ტურნირამდე რეიტინგში 150-ე იყო). ამ სეზონში კი ერთი ტიტულის მოპოვებაც ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, მსოფლიოს პირველ ჩოგან იგა სვიატეკზე მეტი შემოსავალი აქვს, ვისაც ამ სეზონში რვა ტურნირი აქვს მოგებული.

რადუკანუს აშშ-ის ღია, პროფესიონალურ ჩოგბურთში სულ მეოთხე ტურნირი იყო. გამოუცდელმა ჩოგბურთელმა ორკვირიანი ტურნირის განმავლობაში, ერთი სეტიც კი არ დათმო და საჩოგბურთო სამყარო აალაპარაკა. ტრიუმფის შემდეგ კი რეიტინგში 25-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ამგვარად, მან WTA-ს ტურის ყველა ტურნირზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. წელს მან ტურზე პირველი სრული სეზონი გაატარა. სულ 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან მხოლოდ 17 მოიგო. და რეიტინგში 76-ე ადგილამდე დაქვეითდა. მაგრამ ამის მიუხედავად, წლის მესამე ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალი ჩოგბურთელია.

გამოცემა „სპორტიკო-ს“ გამოთვლით, ბრიტანელ თინეიჯერზე მეტი ანაზღაურება წელს მხოლოდ ნაომი ოსაკას და სერენა უილიამსს აქვთ მიღებული. ჯამში მან 26 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რომელთაგან მხოლოდ 3.2 მილიონი საპრიზო თანხაა. მისი შემოსავლის დიდი ნაწილი სპონსორებზე და სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის. არადა, წელს რადუკანუს საუკეთესო შედეგი, კორეის ღია პირველობის ნახევარფინალში თამაშია.

0.119758