ფეხბურთი

1:15 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუ" პლეი-ოფშია, "ატლეტიკო" ჯგუფში ჩარჩა

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური დასრულდა და მერვედფინალისტთა სიას „ინტერის“ შემდეგ „ლივერპული“ და „პორტუ“ შეუერთდნენ.

„ლივერპულმა“ სტუმრად „აიაქსი“ იოლად, 3:0 დაამარცხა, რის შედეგადაც 12 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან გავიდა. იურგენ კლოპის გუნდს ბოლო ტურში „ნაპოლისთან“ შინ პირველი ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს და საამისოდ მეტოქის 4-ბურთიანი სხვაობით დამარცხება დასჭირდება.

„პორტუმ“ B ჯგუფიდან გასვლა მოახერხა, რაც „ატლეტიკოს“ დამსახურებაა, რომელმაც „ლევერკუზენთან“ ქულები დაკარგა (2:2). შედეგად, „ბრიუგე“ და „პორტუ“ მერვედფინალში არიან, ხოლო მადრიდის „ატლეტიკო“ ჯგუფში ჩარჩა და ბოლო ტურში ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა მოუწევს. არადა, დიეგო სიმეონეს გუნდს შანსის შენარჩუნება შეეძლო, მაგრამ თამაშის ბოლო წამზე პენალტი ვერ გამოიყენა იანიკ ფერეირა კარასკომ, პენალტს მადრიდელებმა ორჯერ დაამატეს, თუმცა ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, მერე კარასკოს და ყველაფერი დასრულდა. მომენტი კი მართლაც დაუჯერებელი იყო...

„ბარსელონასთვის“ მიუხენის „ბაიერნი“ ისევ დაუძლეველი ბარიერია და ამჯერად „კამპ ნოუზე“ წააგო უშანსოდ - 0:3. ესპანური გრანდი ხასიათზეც არ იყო, რადგან მატჩის წინ უკვე იცოდა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა.

ბოლო ტურის წინ ყველაზე დაძაბული ვითარება D ჯგუფშია, სადაც გარკვეული არაფერია და ყველა გუნდი ინარჩუნებს შანსს. „ტოტენჰემი“ შინ „სპორტინგს“ დაუზავდა და 8 ქულით ლიდერია, ხოლო პორტუგალიურ გუნდს 7 ქულა აქვს, ისევე, როგორც „აინტრახტს“, რომელმაც „მარსელი“ დაამარცხა (2:1), ხოლო ფრანგული გუნდი მარცხის მიუხედავად და 6 ქულით ბოლო ადგილისა, შანსს ინარჩუნებს.

0.114818