ფეხბურთი

19:50 | 26.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ფეხბურთისთვის დიდი შანსია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უეფას ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ შანსის გამოსაყენებლად.

„ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება, პირველად ტარდება ასეთი მაღალი დონის ტურნირი საქართველოში და გვაქვს შანსი, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ქართული ფეხბურთი, ამიტომ, ნამდვილად არ ვაპირებთ ამ შანსის ხელიდან გაშვებას. წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად გამოვალთ.

ბოლო წლების დინამიკა ჩვენს ფეხბურთში პოზიტიურია, ეს ეხება პირველ რიგში ეროვნულ ნაკრებს, ასევე ასაკობრივ ნაკრებებსაც. საკმაოდ კარგი თაობა გვყავს, რომელსაც მწამს, რომ ამ თაობას თავისი სიტყვის თქმა შეუძლია. ევროპის ჩემპიონატის დროს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს მომზადებაზე და ინდივიდუალურად ფეხბურთელების სათამაშო ფორმაზე. იმედიანად ვარ განწყობილი, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ჩვენი ყველაზე დიდი ძალა გუნდურობაა, მართალია შესარჩევი არ გვითამაშია, მაგრამ ძალიან ბევრი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. გარდა ამისა, დამატებითი და სერიოზული ფაქტორია ის, რომ ამ თაობასთან 4 წელია ვმუშაობ, 19-წლამდე ნაკრებიდან დაწყებული. ძირითადი ბირთვი გამოკვეთილია, მაგრამ ჯერჯერობით არ გვყოლია ის 7 ფეხბურთელი, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ. ინდივიდუალურად გამოკვეთილი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ გუნდურობა, ურთიერთპატივისცემა დიდი ხანია გვახასიათებს და ეს ევროპის ჩემპიონატზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

ამ ტურნირს თითოეული ფეხბურთელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამხანაგურ მატჩებში, რაც ჩავატარეთ, 90% ფეხბურთელების საქართველოს ჩემპიონატს წარმოადგენდნენ. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან, უბრალოდ განვითარებისთვის შემდგომი ნაბიჯები და წინსვლა სჭირდებათ. კარგია საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ განვითარება აუცილებელია და ამის შესახებ ფეხბურთელებთანაც მაქს ნალაპარაკები. ევროპის საფეხბურთო სამყარო უფრო ახლოს გაგვიცნობს, შესაბამისად, ყველა მიიღებს იმას, რასაც დაიმსახურებს თავისი თამაშიდან გამომდინარე.

მიზანზე საუბარი დღეს არ მინდა საუბარი, რადგან ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საკმაო დროა დარჩენილი. მთავარი მიზანია ის, რომ კარგად გვესმის, რომ პირველად ვთამაშობთ ასეთ ტურნირზე, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი შანსია. ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე უნდა წარვადგინოთ, ამიტომ ბოლომდე ვეცდებით ეს შანსი გამოვიყენოთ და ბოლომდე ვეცდებით, ეს ყველაფერი დიდ ზეიმში გადაიზარდოს, მთელი ქვეყანა იყოს ამ ყველაფერში ჩართული. ჩვენ განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით შეგვიძლია ის მიზანი შევასრულოთ, რაც გვაქვს ჩაფიქრებული“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის 21-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116478