ფეხბურთი

1:25 | 26.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ, "ბენფიკა" და "დორტმუნდი" მერვედფინალში, "იუვენტუსი" ჯგუფში ჩარჩა

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის პირველი სათამაშო დღე ძალიან შედეგიანი გამოდგა და 33 გოლი გავიდა, მერვედფინალს კი ოთხი გუნდი შეუერთდა.

ლონდონის „ჩელსიმ“ ადრიანი თამაში ჩაატარა და მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, ხოლო მას „პარი სენ ჟერმენი“, „დორტმუნდი“ და „ბენფიკა“ დაემატა. ჯგუფების თანმიმდევრობით მივყვეთ:

E ჯგუფში „მილანმა“ ზაგრებში, „დინამო“ 4:0 გაანადგურა და ჯერ პლეი-ოფში ვერ გავიდა, მაგრამ ბოლო ტურში ყველაფერი მის ხელშია. სტეფანო პიოლის გუნდმა ხორვატიის ჩემპიონი მაგრად დაჩაგრა და შეეძლო უფრო დიდი სხვაობითაც მოეგო. „მილანმა“ 7 ქულა დააგროვა და ბოლო ტურში თუ სახლში „ზალცბურგთან“ არ წააგებს, ჯგუფიდან გავა. თავის მხრივ, ავსტრიის ჩემპიონს შანსი აქვს, თუმცა ბოლო ტურში გასვლაზე უნდა დაამარცხოს „მილანი“, რაც მარტივი ამოცანა არაა.

F ჯგუფიდან მადრიდის „რეალი“ უკვე გასულია, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდმა სეზონში პირველი მარცხი განიცადა. „სამეფო კლუბი“ „ლაიფციგთან“ გერმანიაში ვერაფერს გახდა - 2:3. „რეალი“ ჯგუფიდან კი გასულია, მაგრამ პირველი ადგილი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, მიუხედავად იმისა, რომ 10 ქულით ბოლო ტურის წინ ლიდერია. „ლაიფციგმა“ ამ მოგებით დიდი განაცხადი გააკეთა, მაგრამ ბოლო ტურში სტუმრად „შახტართან“ არ უნდა წააგო. დონეცკელები თუ გერმანელებს მოუგებენ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის ხარჯზე თავად გავლენ ჯგუფიდან. „სელტიკი“ ჯგუფში ჩარჩა, თან ბოლო ადგილს თავს ვერ დააღწევს.

G ჯგუფში ყველაფერი გაირკვა, ყველა ადგილი განაწილებულია, რაც „დორტმუნდისა“ და „მანჩესტერ სიტის“ უგოლო ფრის შედეგია. ინგლისური გუნდი პირველია, გერმანული - მეორე. „სევილია“ ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას, ხოლო „კოპენჰაგენი“ ჯგუფში ჩარჩა.

H ჯგუფშიც ყველაფერი გაირკვა, მხოლოდ ადგილებია გასანაწილებელი. პსჟ-მ „მაკაბი“ 7:2 გაანადგურა და 11 ქულით ლიდერია, მაგრამ ასევე 11 ქულა აქვს „ბენფიკას“, რომელსაც მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია. პორტუგალიურმა გრანდმა „იუვენტუსი“ 4:3 დაამარცხა და რომ არა, ბოლო წუთებში ტურინელთა ორი გოლი 4:1-საც იგებდა. „იუვემ“ მეხუთე ტურში მეოთხედ წააგო და 3 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ იტალიურ გრანდს ჯერ ევროპა ლიგაზე გადასვლაც არ აქვს განაღდებული, რადგან „მაკაბისაც“ 3 ქულა აქვს. ბოლო ტურში განაწილდება ჯგუფში ადგილები, როცა „იუვე“ პსჟ-ს და „მაკაბი“ „ბენფიკას“ უმასპინძლებს.

„დინამო ზაგრები“ – „მილანი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 გაბია (39), 0:2 ლეაო (49), 0:3 ჟირუ (59), 0:4 ლიუბიჩიჩი (69, ა.გ)

„სელტიკი“ – „შახტარი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 იაკუმაკისი (34), 1:1 მუდრიკი (58)

„ლაიფციგი“ – „რეალი“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 გვარდიოლი (13), 2:0 ნკუნკუ (18), 2:1 ვინისიუსი (44), 3:1 ვერნერი (81), 3:2 როდრიგო (90, პენ)

„დორტმუნდი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:0 (0:0)

პსჟ - „მაკაბი“ 7:2 (4:1)

გოლები: 1:0 მესი (19), 2:0 მბაპე (32), 3:0 ნეიმარი (35), 3:1 სეკი (38), 4:1 მესი (45), 4:2 სეკი (50), 5:2 მბაპე (64), 6:2 გოლდბერგი (67, ა.გ), 7:2 სოლერი (84)

„ბენფიკა“ – „იუვენტუსი“ 4:3 (3:1)

გოლები: 1:0 ა. სილვა (17), 1:1 კინი (21), 2:1 ჟოაო მარიო (28. პენ), 3:1 რაფა სილვა (35), 4:1 რაფა სილვა (50), 4:2 მილიკი (77), 4:3 მაკკენი (79)

0.11995