„მერსედესის“ პრობლემები ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. გუნდი რვა წელი კონსტრუქტორებში პირველობას არავის უთმობდა. ახლა კი სეზონი ისე მთავრდება, ერთი მოგებაც არ აქვს. დასაწყისთან შედარებით, პროგრესი აშკარაა, მაგრამ მთავარი გამარჯვება და ტიტულისთვის ბრძოლაა, რისი უნარიც სამქიმიანებს ჯერჯერობით დაკარგული აქვთ.
თუმცა გვირაბის ბოლოს სინათლეც უკვე გამოჩნდა. ინჟინრებმა ხტუნვის ეფექტსაც უმკურნალეს და რაც მთავარია, პრობლემის გამომწვევ მიზეზსაც მიაგნეს. გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა აღიარა, რომ მიზეზი, რომლის გამოც, თარსი ნომრის (W13) მქონე შასი არაკონკურენტულია, ახლახანს დადგინდა.
„მომავალი სეზონისთვის მანქანის დნმ-ი შეიცვლება. ამაზე ეჭვიც არ არსებობს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ძარის პანელებიც ფორმებს შეიცვლის. განსხვავებული იქნება მანქანის არსი, მისი არქიტექტურა“, - ამბობს ვოლფი.
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ DRS-ს გამოყენებისას, მეტოქეებს დაახლოებით 35 კმ/სთ-ით მეტი სიჩქარე აქვთ. როდესაც თავად უტევს, მაშინ მეტოქეებზე მხოლოდ 22 კმ/სთ-ით სწრაფია. სწორედ ამიტომ იყო, რომ მაქს ფერსტაპენმა მას შორიდან შეტევითაც აჯობა. DRS-ის გარეშე, მეტოქეების უპირატესობა 8 კმ/სთ-ია.
კონსტრუქტორების ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, „მერსედესს“ აეროდინამიკურ მილში ტესტებისთვის, „რედ ბულთან“ შედარებით, 14 პროცენტით მეტი დრო ექნება, რაც გუნდს გარკვეულ უპირატესობას მისცემს.
ვოლფი ამბობს, რომ გასულ სეზონში კონსტრუქტორებში გამარჯვების გამო, მის გუნდს აეროდინამიკაზე მუშაობისთვის, მეტოქეებზე ნაკლები დრო ჰქონდა. ეს კი შედეგებზე პირდაპირ აისახა. მომავალი სეზონისთვის, მსგავს სიტუაციაში ხარები იქნებიან.