ჩოგბურთი

21:55 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი: „მე არ წავსულვარ“

სერენა უილიამსმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩოგბურთიდან არ წასულა და რომ მისი დაბრუნების შანსი ძალიან მაღალია. მას ადრე ნათქვამი აქვს, რომ აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, სპორტიდან წავიდოდა.

„მე არ წავსულვარ. დაბრუნების შანსი ძალიან მაღალია. შეგიძლიათ სახლში მეწვიოთ, იქ კორტი მაქვს, სადაც ვვარჯიშობ“, - სან ფრანცისკოში, საკუთარი საინვესტიციო კომპანია „სერენა ვენჩურზის“ წარდგენისას განაცხადა სერენამ.

41 წლის ამერიკელმა აგვისტოში განაცხადა, რომ ჩოგბურთიდან მიდის, მაგრამ არ დაუდასტურებია, რომ აშშ-ის ღია პირველობა მისი ბოლო ტურნირი იქნებოდა. ამის მიუხედავად, ფლეშინგ მედოუსზე ყოველი თამაშის შემდეგ, გაცილებას უმართავდნენ. მესამე წრეში წაგების შემდეგ კი ჩოგბურთიდან წასვლის ცერემონია მოუწყვეს.

„მე ჯერ არ წავსულვარ. წასვლაზე არც მიფიქრია. ერთხელაც გავიღვიძე, კორტზე გავედი და გავიაზრე, რომ შეჯიბრისთვის არ ვემზადებოდი. თავი ძალიან უცნაურად ვიგრძენი. ეს ისე იყო, თითქოს ცხოვრებაში პირველი დასვენების დღე მქონდა და საკმაოდ ვისიამოვნე. მაგრამ ჯერაც ბალანსის ძიებაში ვარ“, - ამბობს სერენა.

0.118006