ბრატისლავის „სლოვანის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ერევნის „პიუნიკთან“ მატჩის წინ სლოვაკური გუნდის ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარ თავსა და მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც გიორგიმ აღნიშნა, ვლადიმირ ვაისის მადლიერია, რადგან მის ნდობას გრძნობს.
„წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. გასაგებია, რომ ხუთშაბათს მოგება გვჭირდება, თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა. ეს თითქმის ყველაფერს ამბობს. ჩვენ სრულად ვართ კონცენტრირებულები და პასუხისმგებლობით ვემზადებით.
ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, სულ უფრო და უფრო ვუმატებ. მადლობას ვუხდი ვლადიმირ ვაისს, რომ დამეხმარა და შანსი მომცა „სლოვანში“. ვგრძნობ მის მხარდაჭერას და ნდობას.
გუნდში ბიჭებს უფრო ახლოს და უკეთ ვიცნობ, ვიდრე სამი-ოთხი თვის წინ, როცა ჩამოვედი. ჩვენ ყოველდღე ერთად ვვარჯიშობთ და ბევრი მატჩი ვითამაშეთ. უკვე ვიცი, რას გააკეთებენ ჩემი თანაგუნდელები. ჩვენ ასევე ვიცით, რისი გაკეთება შეგვიძლია ყველას. ყოველ შემთხვევაში, მოედანზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო უკეთ ვუგებთ.
შესანიშნავი გულშემატკივრები გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ შესანიშნავი ატმოსფეროს შექმნა. მთელი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას და გვჯერა, რომ ისინი ხუთშაბათს შეავსებენ სტადიონს. გვინდა გამარჯვება და ტრიბუნებიდან მიღებული ენერგია ძალიან დაგვეხმარება, რომ ყველამ ერთად მოვიგოთ“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ოთხ შეხვედრაში 5 საგოლე პასი გააკეთა. „სლოვანი“ კონფერენს ლიგის ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილზეა და „პიუნიკს“ 1, ხოლო ლიდერ „ბაზელს“ 2 ქულით ჩამორჩება.