„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „რეინჯერსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ძირითად შემადგენლობაში 3-4 ცვლილება დააანონსა. როგორც მან აღნიშნა, „რომასთან“ დაძაბული მატჩის შემდეგ ყველა ფეხბურთელს ენერგია აღდგენილი არ აქვს.
„ფეხბურთელებს ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვირჩევ და არა როტაციისთვის. ამასთან, მაქვს შესაძლებლობა, რომ შანსი ბევრ ფეხბურთელს მივცე, რადგან დიდი შემადგენლობა და ძლიერი ფეხბურთელები მყავს. კვირას გვიან ღამით დავბრუნდით რომიდან, დილით ვარჯიში გვქონდა, „რომასთან“ ვინც ითამაშა, ბოლომდე ენერგია არ აღუდგენიათ, ასე რომ, ცვლილებები იქნება - 3-4 დასვენებული ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოხვდება.
ჯერჯერობით კარგ დონეზე ვთამაშობთ, რადგან ყველა მატჩში მოვახერხეთ ჩვენი ხარისხის ჩვენება, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოქტომბერია. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც გავაკეთეთ, არამედ გაუმჯობესებასა და მომავალზე. სხვადასხვა ტურნირებზე ამ დროისთვის პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა პირველები ვიყოთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის. მე არ ვუყურებ რას ამბობენ სხვები და რა თქვა მოურინიომ. მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის და ჩვენი გზა გავაგრძელოთ.
„რეინჯერსს“ მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. „რეინჯერსის“ ბოლო მატჩები ვნახე და ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ითამაშეს, ბევრი რამ კარგად გააკეთეს. „ლივერპულთან“ პირველი ტაიმის შემდეგ 1:1 იყო და მათ რამდენჯერმე აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდათ. ამიტომ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხვალ ადვილი თამაში გველოდება, ამის ფიქრი შეცდომა იქნება. ხვალ მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ და გამარჯვებულის დნმ უნდა გვქონდეს. "რეინჯერსთან" გამარჯვება ფუნდამენტური იქნება ჯგუფში პირველი ადგილისთვის, რადგან "ლივერპულთან" თამაშს 15 ქულით და ბურთების ბალანსის უპირატესობით შევხვდებით“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „რეინჯერსის“ მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.