„რომას“, „ინტერისა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ამანტინო მანსინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი ფეხბურთელი თუ ასე გააგრძელებს, „ნაპოლიში“ დიდხანს არ დარჩება.
მანსინის კვარაცხელია საკუთარ წარსულს აგონებს, როდესაც იტალიაში ახალი გადასულიყო და კარგი თამაშით ყველა გააკვირვა.
„კვარაცხელიას ისტორია იტალიურ ფეხბურთში ჩემსას ჰგავს. მეც უცნობი ვიყავი და პირველივე სეზონში ბევრი გოლი გავიტანე და ბევრი საგოლე პასი გავაკეთე. ეს ბიჭი ასე თუ გააგრძელებს, „ნაპოლიში“ დიდხანს არ დარჩება. ის ევროპის ტოპკლუბების დონეა. ძლიერი ხასიათი აქვს, საგოლე პასებს აკეთებს, გოლებსაც იტანს, ერთი-ერთზე თამაშში დამანგრეველია. „ნაპოლიმ“ ძალიან კარგი ტრანსფერი გააკეთა და სპალეტიც მის მართვას კარგად ახერხებს“, - თქვა მანსინიმ.
შეგახსენებთ, რომ ამანტინო მანსინი „რომაში“ თამაშობდა, სადაც 2005-2008 წლებში მისი მწვრთნელი სწორედ ლუჩანო სპალეტი იყო.