ფეხბურთი

2:05 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "ლოჩოშვილი "კრემონეზეს" დაცვის დასაყრდენია და გუნდისთვის პრობლემა მისი ზონა არაა"

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ შინ გენუის „სამპდორიასთან“ 0:1 დამარცხდა და ისევ მოუგებლად ასპარეზობს. იტალიურმა მედიამ 24 წლის ქართველი მცველის თამაში გენუელთა წინააღმდეგ შემდეგნაირად შეაფასა:

Cuoregrigiorosso: „ინდივიდუალურ დუელებში ყოველთვის გამარჯვებული გამოდის, თუმცა ხანდახან აჭარბებს და გულუბრყვილო შეცდომებს უშვებს. პირველ ტაიმში შეცდომა დაუშვა და საბირიმ კარში დაარტყა, მეორე ტაიმში კი მცირე ორთაბრძოლის შემდეგ მიწაზე დაეცა და გაბიადინი კარნეზეკისთან მარტო დატოვა“.

Tuttomercato: „პირველ ტაიმში საჯარიმოში ერთხელ ცოტა უყურადღებოდ ითამაშა, რასაც შეეძლო თავისი გუნდისთვის სიტუაცია სერიოზულად გაერთულებინა“.

Calciomercato: „თავის სტანდარტებთან შედარებით დაბალ დონეზე ითამაშა, მაგრამ „კრემონეზესთვის“ დაცვაში მაინც მთავარი დასაყრდენია. გუნდის ყველაზე დიდი პრობლემა მისი ზონა საერთოდ არაა“.

Calciocremonese: „ქართველი ყველა ბურთისთვის იბრძვის, „დორიას“ თავდამსხმელებს პატარა სივრცეებს უტოვებს, მაგრამ ერთხელ გარკვეული არეულობაც შექმნა და ბურთი მეტოქეს ჩააბარა“.

Eurosport: „ნახევარი ქულით ნაკლები დაიმსახურა პირველ ტაიმში გიჟური, უსარგებლო რისკისთვის, როცა ზიდანის სტილში საკუთარ საჯარიმოში ითამაშა. მაშინ ბურთი დაკარგა და „სამპდორიამ“ კარში დაარტყა”.

შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. „კრემონეზე“ 4 ქულით ბოლო, მეოცე ადგილზეა და მომდევნო ტურში „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

0.102714