ფეხბურთი

1:38 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ვინმეს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ტრავმის თუ ეშინია, სახლში დარჩეს და ფილმს უყუროს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ლაიფციგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, კარიმ ბენზემა და ლუკა მოდრიჩი გუნდს ლა ლიგის უახლოეს ტურში დაუბრუნდებიან. იტალიელი არ ფიქრობს, რომ მისი ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ტრავმების მიღების შიშს განიცდიან და დატვირთვას თავს არიდებენ.

„ძალიან ინტენსიური თვეები იყო, ბევრი თამაშით, მაგრამ ჩემი აზრით, კარგად ვუძლებთ. „ლაიფციგთან“ კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვების შანსი გვაქვს.

მსოფლიოს ჩემპიონატი მოახლოვდა და ფეხბურთელები ნაკლებ დატვირთვას ცდილობენ? ფეხბურთში ტრავმა არსებობს. თუ არ გინდა დაშავდე, მაშინ დივანზე უნდა დარჩე. ტრავმა შეიძლება მიიღო თანაგუნდელთან შეჯახებისას, ვარჯიშზეც. ამჟამად ვარჯიში ყველას უნდა. თუ ვინმე მეტყვის, რომ ტრავმის მიღების ეშინია, სახლში დივანზე დარჩენა მოუწევს და შეუძლია უყუროს სერიალს ან ფილმს, არჩევანი ბევრია. ჩემს ფეხბურთელებს მუნდიალზე კარგ ფორმაში ყოფნა სურთ და ეს მხოლოდ უწყვეტი სათამაშო პრაქტიკითაა შესაძლებელი. ვინც დღეს გვაკლია, მხოლოდ იმიტომ, რომ მცირე პრობლემები აქვთ და არ გავრისკეთ. მირჩევნია მოდრიჩი ან ბენზემა ერთი თამაში გვაკლდეს, ვიდრე ერთი თვე. „ჟირონასთან“ ყველა დაბრუნდება, მათ შორის დანი სებალიოსი.

ვინისიუსი ითამაშებს, ის დაღლილი არაა. ასენსიომ მძიმე მომენტები დიდი პროფესიონალიზმით გაიარა. დღეს ისეთი ფეხბურთელები ითამაშებენ, რომელთაც ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვთ და გუნდში თავის წვლილს შეიტანენ“, - აღნიშნა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

0.127828