აშშ-ის დიდი პრიზის რბოლის მეორე ადგილზე დასრულების მიუხედავად, ლუის ჰამილტონი კმაყოფილი დარჩა. აშკარაა, რომ იმ განახლებებით, რომლებიც „მერსედესმა“ ამერიკაში ჩაიტანა, მანქანა გაცილებით სწრაფი გახდა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ როდესაც სამქიმიანები კონკურენტუნარიან მანქანას მოუმზადებენ, ის გუნდს მოწინვეთა რიგებში დააბრუნებს.
მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე სამი რბოლაღა დარჩა. ჰამილტონს ჯერ ერთი მოგებაც არ აქვს და დიდი შანსია იმისა, რომ ფორმულა 1-ში თავისი დებიუტიდან (2007 წელს) პირველად, ის სეზონის მოგების გარეშე დაასრულებს. გარდა ამისა, კონსტრუქტორთა ჩემპიონატში ზედიზედ რვა ტრიუმფის შემდეგ, „მერსედესმა“ ტიტული უკვე დაუთმო „რედ ბულს“.
მაგრამ ოსტინის რბოლამ გააჩინა იმის იმედი, რომ „მერსედესს“ ამოქაჩვა შეუძლია. არა ამ სეზონში - გუნდი განახლებებს აღარ გეგმავს და უკვე მომავალი სეზონისთვის ემზადება. მთავარია, რომ ჩავარდნის მიზეზი ნაპოვნია და ინჟინრებმა იციან, თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მიმდინარე სეზონი ეფექტურ გაკვეთილად გამოიყენონ.
„ახლა ჩვენ მათთან გაცილებით ახლოს ვართ. განახლებებმა იმუშავა. და ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლეთ. ახლა უფრო უკეთ გვესმის, თუ რაშია პრობლემა. რა გავაკეთეთ არასწორად. გვეგონა, რომ უფრო მეტიც შეგვეძლო, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა მცირე ნაბიჯებით მაინც წინ მივიწევთ. ჩვენ სწორ გზაზე ვართ“, - ამბობს „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი.
ოსტინამდე ჰამილტონმა ორჯერ დაიკავა კვარცხლბეკის მეორე საფეხური - საფრანგეთში და უნგრეთში. მაგრამ ამერიკულ რბოლაში ის გაცილებით კონკურენტუნარიანი იყო.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ამ სეზონში მოხდა, გამარჯვება უზარმაზარი მიღწევა იქნება. მე ვფიქრობ, რომ კარგ სიჩქარეს მივაღწიეთ და დარწმუნებული ვარ, როდესაც შესაფერისი მანქანა გვექნება, მე გუნდს მოწინავეებში დავაბრუნებ. ამიტომ, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - ამბობს ჰამილტონი.