ფეხბურთი

22:37 | 24.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის "კრემონეზემ" ისევ წააგო და ბოლო ადგილზე დაქვეითდა

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სერია A-ში 11 ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდია, რომელსაც გამარჯვება არ მოუპოვებია.

მასიმილიანო ალვინის გუნდმა გენუის „სამპდორიასთანაც“ წააგო, რომელსაც წინა 10 ტურში მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა (3 ფრე, 7 მარცხი). არადა, კრემონელებმა დაწინაურების შესანიშნავი შანსი მე-7 წუთზე მიიღეს, მაგრამ სირილ დესერსმა პენალტი ვერ გამოიყენა - მას მეკარემ აჯობა. „კრემონეზე“ უპირატესობას ფლობდა, საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა, 78-ე წუთზე კი გოლი გაუშვა. ომარ კოლიმ ახლო მანძილიდან აჯობა მარკო კარნეზეკის.

ლუკა ლოჩოშვილმა 82-ე წუთამდე ითამაშა, მერე კი შეცვალეს, რადგან ალვინიმ მის ნაცვლად თამაშში შემტევი ნახევარმცველი ჩართო.

„კრემონეზეს“ 11 ტურში მხოლოდ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მეოცე ადგილზეა. მომდევნო ტურში ლოჩოშვილი და მისი თანაგუნდელები 30 ოქტომბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებენ.

0.112853