სხვა

22:46 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბანიაია მსოფლიო ჩემპიონის პირველ ტიტულს მიუახლოვდა

„დუკატის“ იტალიელმა ფრანჩესკო ბანიაიამ მოტოგრანპრის მალაიზიის დიდი პრიზის რბოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის წინ, პრაქტიკულად გაინაღდა ტიტული. მოქმედი ჩემპიონი, ფრანგ ფაბიო კვარტარარო სეპანგზე მესამე ადგილს დასჯერდა და ტიტულის შენარჩუნების მცირე შანსი ჯერაც აქვს.

ბანიაიამ, ვინც მოტო2-ის 2018 წლის ჩემპიონია, სტარტი მეცხრე პოზიციიდან აიღო, მაგრამ პირველივე წრის ბოლოს, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამ დროს, მასზე წინ მხოლოდ ესპანელი ხორხე მარტინი იყო, ვინც რბოლა პოულიდან დაიწყო. სტარტი მე-12 პოზიციიდან აიღო კვარტარარომაც, რომელმაც ასევე სწრაფად წაიწია წინ.

მეშვიდე წრეზე მარტინს ავარია მოუვიდა და ბანიაიას ლიდერობა გადააბარა. ფინიშამდე 10 წრით ადრე, ლიდრობა იტალიელმა ენეა ბასტიანინიმ იგდ ხელთ, მაგრამ ოთხი წრის შემდეგ ბანიაიამ ისევ უკან ჩამოიტოვა და აქედან მოყოლებული, წინ აღარავინ გაუშვია. ბასტიანინი მეორე ადგილს დასჯერდა. ბანიაიას ბოლოს ეტაპზე, რომელიც ვალენსიაში ჩატარდება, ტიტულის მოსაპოვებლად მე-14 ადგილიც კი ეყოფა.

„უპირველესად იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო სტარტი მქონდა. რისკის გაწევაც მიწევდა. ხორხეს უკან რბოლისას, უკანა საბურავზე დიდი დატვირთვა იყო და ეს ჩემთვის სტრესული მომენტი იყო. მაგრამ სამწუხაროდ, მას ავარია მოუვიდა. ჩვენ კარგად ვიმუშავეთ და ამით მხოლოდ კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ბანიაიამ, ვინც ჩემპიონატის ერთ მომენტში, კვარტარაროს 91 ქულითაც კი ჩამორჩებოდა.

ბანიაიას რეალური შანსი აქვს, გახდს პირველი იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი ვალენტინო როსის შემდეგ. როსიმ თავისი ბოლო ტიტული 2009 წელს მოიპოვა.

0.120124